უკრაინის ძალების ბოლოდროინდელი წარმატებები იმედს აძლევს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა უკვე წლის ბოლომდე დასრულდეს – ამის შესახებ ბრიტანული The Times-ი კონფიდენციალურ წყაროებზე და სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანელი პოლიტიკოსების ოპტიმიზმი უკრაინის არმიის ბოლოდროინდელი წარმატებებითაა გამოწვეული და არა კონკრეტული სადაზვერვო ინფორმაციით.
ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანი The Times-ს ეუბნება, რომ თუ უკრაინის არმია კვლავაც ასე განაგრძობს წინსვლას, წლის ბოლომდე რუსეთის ძალებს დონბასიდანაც განდევნის.
გამოცემის წყარო იქვე დასძენს, რომ ყირიმის დაბრუნება უფრო რთული საკითხი იქნება და ის სერიოზულ სამხედრო დანაკარგებს გამოიწვევს. როგორც The Time-ის წყაროები ფიქრობენ, საომარ მოქმედებებს ვერც ზამთარი შეაჩერებს.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების არაოფიციალურ მოსაზრებებს იზიარებს ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესიც.
„გამომდინარე იქიდან, რასაც ვხედავთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კოლაფსია (რუსეთის ძალების), ყოველ შემთხვევაში დონბასში მაინც და მე მჯერა, რომ რუსებს 23 თებერვლის ხაზთან უკვე წლის ბოლომდე დააბრუნებენ,“ – ამბობს ჰოჯესი.
რაც შეეხება ყირიმს, ის მიიჩნევს, რომ ყირიმის დასაბრუნებლად სამხედრო მოქმედებები შესაძლოა 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს, რადგან ნახევარკუნძულთან რუსეთს სერიოზული ძალები ჰყავს მობილიზებული.
ჰოჯესის აზრით, ხერსონის დაბრუნება უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, დასავლეთიდან მიღებული იარაღის გამოყენებით, უკეთ მისწვდეს სამიზნეებს ოკუპირებულ ყირიმში. – „ამის შემდეგ ყირიმი ხაფანგში მოქცეული აღმოჩნდება“.
თუმცა The Times-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ იმასაც, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებები არც ისე ერთმნიშვნელოვანია და ბრძოლაში ინიციატივის დაკარგვის მიუხედავად, რუსეთი მაინც ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი დონბასში.