მთავარი,სიახლეები

რუსი მსახიობი ავარიაში დაიღუპა მანქანით, რომლითაც დონბასში დახმარება მიჰქონდა

20.09.2022 • 1407
რუსი მსახიობი ავარიაში დაიღუპა მანქანით, რომლითაც დონბასში დახმარება მიჰქონდა

დღეს რუსეთში, იაროსლავის ოლქში, ავარიაში დაიღუპა ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი სერგეი პუსკეპალისი.

ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს ცნობით, Ford-ის მარკის ავტომობილისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რეჟისორი და მისი მძღოლი, მეორე მანქანის მძღოლი კი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიაში გაჩენილი ცნობების თანახმად, პუსკეპალისი 20 სექტემბერს დილით გამოვიდა იაროსლავიდან Ford-ის მარკის მინივენით, რომლითაც დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მებრძოლებისთვის დახმარება, ტანსაცმელი და ნივთები მიჰქონდა მოსკოვში, საიდანაც მანქანა უკვე ხვალ დონბასში უნდა გაეგზავნა.

ვიდეო, რომელშიც სერგეი პუსკეპალისი აჩვენებს დონბასში გასაგზავნ დახმარებას და მანქანას, რომლითაც ეს დახმარება მოსკოვში მოჰქონდა, ტელეგრამ არხმა Mash-მა გამოაქვეყნა.

57 წლის სერგეი პუსკეპალისი რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი და ვოლკოვის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 2010 წელს მან გრიგორი დობრიგინთან ერთად, ფილმისთვის „როგორ გავატარე ეს ზაფხული“ ბერლინალეს ვერცხლის დათვი მიიღო.

მსახიობი დონბასელ სეპარატისტებს 2015 წლიდან ეხმარებოდა სხვადასხვა გზით, მათ შორის ფინანსურადაც. 2022 წლის თებერვალში მან ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: