მთავარი,სიახლეები

„ვამაყობ ჩემი გოგოთი“ – ტყვეობაში მყოფ აზოვსტალელ „პტაშკას“ დედა გამოეხმაურა

20.09.2022 • 1607
„ვამაყობ ჩემი გოგოთი“ – ტყვეობაში მყოფ აზოვსტალელ „პტაშკას“ დედა გამოეხმაურა

„ვამაყობ ჩემი გოგოთი, ასე რომ უჭირავს თავი, რომ არ ნებდება. ძალიან ყოჩაღი მყავს და ძალიან, ძალიან მიყვარს. მჯერა, აუცილებლად დაბრუნდება შინ,“ – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ეკატერინა პოლიშჩუკის დედამ, რომელმაც „აზოვსტალის“ ევაკუაციის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი შვილი პირველად დაინახა რუსი პროპაგანდისტების ვიდეოში.

21 წლის მოხალისე პარამედიკოსს, ეკატერინა პოლიშჩუკს „პტაშკად“ იცნობენ. მას „აზოვსტალის რკინის ჩიტი“ იმ სიმღერების გამო შეარქვეს, რომლებიც „აზოვსტალის“ ბლოკადის დროს სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა და უამრავ მოწონებას იმსახურებდა.

ვიდეოში „პტაშკა“ ჰყვება, რომ “ის მარიუპოლში არ წასულა მზარეულად, ან მსროლელად, ან მეტყვიამფრქვევედ, წავიდა მედიკოსად, რადგან მიაჩნდა, რომ ასე ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა ასე შეეძლო. „ვფიქრობ, კიდევ ერთხელ რომ შემძლებოდა მარიუპოლში წასვლა, ისევ წავიდოდი,“ – ამბობს ეკატერინა.

ეკატერინას დედა ამბობს, რომ შვილის ვიდეოს რამდენჯერმე უყურა. ვიდეოში „პტაშკა“ „აზოვის“ სნაიპერადაა მოხსენიებული, იქვე გამოყენებულია მისი სიმღერის ნაწყვეტები და ჩანაწერები „აზოვსტალიდან“, რომლებშიც „პტაშკა“ უცენზურო ლექსიკას იყენებს. როგორც ვიდეოში თავად ამბობს, რცხვენია, რომ ეს ფრაზები დედამისმაც მოისმინა.

„ძალიან გულისამაჩუყებელია მისი მხრიდან, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაშიც კი დარდობს და ფიქრობს იმაზე, რომ ოდესღაც რაღაც ისე თქვა და ნეტა მე როგორ აღვიქვი და გავიგე ეს,“ – ამბობს ეკატერინას დედა.

მისი თქმით, რთული სათქმელია დაიკლო თუ არა წონაში „პტაშკამ“ ტყვეობაში, რადგან მას ვიდეოში დიდი ზომის ტანსაცმელი აცვია. სვეტლანა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, როგორ მოიხსენიებდნენ ეკატერინას პროპაგანდისტულ ვიდეოში.

„სინამდვილეში ის ექიმია და ეს ყველამ იცის. ვიცი, რომ რუსეთში ტყუილებს წერენ. სროლაც კი არ იცის, ასე მითხრეს „აზოველმა“ ბიჭებმა, რომლებიც კატიას იცნობენ,“ – დასძენს სვეტლანა.

ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვე ეკატერინა პოლიშჩუკი ჩანს, რუსულ სოცქსელებში 16 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა უცნობია, როდისაა ის გადაღებული.

ეკატერინა, რომელიც მარიუპოლში მოხალისე მედიკოსად წავიდა და „აზოვსტალში“ იმყოფებოდა, ეროვნული დრამატული თეატრ-სტუდიის მსახიობი, პოეტი, საოპერო და პატრიოტული კლასიკის შემსრულებელია.

აგვისტოში დედამისმა თქვა, რომ როგორც შეატყობინეს, მისი შვილი ოლენოვკაში, კოლონიაში იმყოფებოდა. ოჯახს „პტაშკაზე“ ახლა ინფორმაცია არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: