მთავარი,სიახლეები

კრემლის გავლენიან პირებში პანიკაა უკრაინელთა კონტრშეტევების გამო – ISW

20.09.2022
კრემლის გავლენიან პირებში პანიკაა უკრაინელთა კონტრშეტევების გამო – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ უკრაინელთა კონტრშეტევები კიდევ უფრო აქვეითებს რუსეთის არმიის ისედაც დაბალ მორალურ განწყობას და კრემლის გავლენიან პირებში პანიკას იწვევს.

ISW-ის მკვლევრებს ამის დასტურად მოჰყავთ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „კანონმდებელთა“ მოწოდება „მთავრობისადმი“, დროულად ჩაატარონ „რეფერენდუმები“ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით და ამ მოწოდების მხარდაჭერა კრემლის პროპაგანდისტებისგან.

„საკითხის ასეთი გადაწყვეტა შეუსაბამოა. რუსეთის ძალები ვერ აკონტროლებენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს სრულად. შესაბამისად, იმ ტერიტორიების შეერთება, რომლებზეც „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები“ პრეტენზიას აცხადებენ, შედეგად მოიტანს იმას, რომ რუსეთს ანექსირებული ექნება ოლქები, რომლებიც ნაწილობრივ უკრაინის ხელისუფლების კანონიერი კონტროლისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გავლენის ქვეშ იქნება,“ – წერს ომის კვლევის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ ჰყოფნის შესაძლებლობა, შეაჩეროს უკრაინის ძალები, რომლებიც მდინარე ოსკილის გავლით, ლუგანსკის ოლქში განაგრძობენ წინსვლას.

ISW-ის მონაცემებით, „რუსეთის სამხედროები სასოწარკვეთილნი ცდილობენ დამატებითი ძალების მობილიზებას ყველა პოტენციური წყაროდან, რათა თავიანთი დეგრადირებული და დემორალიზებული დანაყოფები გააძლიერონ, თუმცა საბრძოლო ძლიერების მიღწევას ვერ ახერხებენ.

უკრაინელთა ბოლო წარმატებები კიდევ უფრო ასუსტებენ რუსეთის არმიის ელიტური დანაყოფების ისედაც დაქვეითებულ საბრძოლო განწყობას,“ – წერს ISW.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის ძალები განაგრძობენ შეზღუდულ და ადგილობრივ შეტევებს მდინარე ოსკილთან და ლიმან-იამპოლ-ბელოგოროვკის ხაზზე.
  • რუსეთის ძალები ცდილობენ შეტევას ბახმუტის სამხრეთით.
  • უკრაინის ძალები განაგრძობენ დარტყმებს რუსეთის სამხედრო, სატრანსპორტო და მატერიალურ-ტექნიკურ ობიექტებზე ხერსონის ოლქში.
  • უკრაინული და რუსული წყაროების მიხედვით, 19 სექტემბერს სამი აქტიური საბრძოლო ზონა გამოიკვეთა: ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ინგულეცთან და ოლგინოსთან.
  • იმ მოხალისეთა ბატალიონების რიცხოვნობა, რომლებსაც რუსეთი ქმნის, დიდი ალბათობით, შემცირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: