მთავარი,სიახლეები

კიდევ 1 შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება – ფოთის თეატრის რეაბილიტაცია არც კი დაწყებულა

19.09.2022 • 954
კიდევ 1 შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება – ფოთის თეატრის რეაბილიტაცია არც კი დაწყებულა

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფოთის თეატრს“ – ეს კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ ფოთელებმა მიიღეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიური წინასაარჩევნო დაპირებებით გამოირჩეოდნენ. ფოთის თეატრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე 2021 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც პრემიერი ფოთში წინასაარჩევნო ტურნეში იყო და ადგილობრივებს ხვდებოდა.

პოსტი საქართველოს მთავრობის ფეისბუქიდან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ფოთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ფოთის თეატრის ბედი კი ჯერ ისევ გაურკვეველია. ერთი წელი პროცედურული საკითხების მოგვარებაში გავიდა. თეატრის შენობის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა, შესაბამისად 88 კაციანი კოლექტივი ფოთის კულტურის სახლს აფარებს თავს.

ფოთის თეატრის ისტორია

ფოთის თეატრი 140 წლის წინ დაარსდა. 1936 წელს, საბჭოთა კავშირის დროს, თეატრი ფოთის ყოფილი საკათედრო ტაძრის შენობაში გადაიტანეს და იქ ფუნქციონირებდა 2005 წლამდე.

2005 წელს საპატრიარქომ თეატრის შენობის დაბრუნება მოითხოვა. საპატრიარქოს შენობა გადასცეს, სადაც საკათედრო ტაძარი აღადგინეს. ხოლო ფოთის თეატრისთვის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყეს.

ფოთის თეატრის შენობის დრამა და თეატრალური დასის მოხეტიალე ცხოვრება სწორედ ამ დროიდან იწყება.

ფოთის თეატრის მშენებლობა ორი ხელისუფლების პირობებში, 9 წელი გაგრძელდა. მისი შენება მაშინ დაიწყეს როცა საქართველოში მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო და დასრულდა 2014 წელს, როდესაც ქვეყანას უკვე „ქართული ოცნება“ მართავდა.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ფოთის ახალი თეატრის შენობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. თეატრის ახალი შენობის აგება სახელმწიფო ბიუჯეტს 10 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

„დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება,“ – თქვა 2014 წელს გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

2021 წელს, ისევ წინასაარჩევნოდ ჩასულმა პრემიერმა, მის მიერ 7 წლის წინ ზარ-ზეიმით გახსნილი თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირობა დადო.

რა დაემართა ფოთის თეატრის შენობას

ფოთის თეატრის შენობას პრობლემები გახსნიდან მალევე შეექმნა.

„2016-2017 წლებში ნათელი გახდა, რომ შენობას ჰქონდა პრობლემები. სახურავიდან, კედლებიდან წყალი ჩამოდიოდა. ჩამოვარდა ლიფტი. შემდეგ ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. ბოლოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაიდო და ფოთის თეატრი იძულებული გახდა შენობაში მუშაობა შეეჩერებინა,“ – მოკლედ უყვება „ბათუმელებს“ თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ფოთის თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.

მისივე თქმით, შენობაში ლიფტის ჩამოვარდნას ადამიანური მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. პირი, რომელიც ლიფტის ჩამოვარდნისას დაშავდა, მოგვიანებით გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც ფოთის თეატრის ახალაშენებული შენობის ავარიულობა ექსპერტიზით დადასტურდა, მის რეაბილიტაციაზე ფოთის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. იმ დროისათვის თეატრის შენობა სწორედ ფოთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო.

2019 წლის 16 აპრილს ფოთის მაშინდელმა მერმა, გოჩა კურდღელიამ შპს „იმედს“ 723 859,20 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულება. შპს „იმედი“ იღებდა პასუხისმგებლობას, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს 2020 წლის 16 იანვრამდე დაასრულებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფოთის თეატრის შენობის რეაბილიტაციაზე 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, შენობა გამოსაყენებლად ისევ უვარგისია. არასრულყოფილად ჩატარებულმა რეაბილიტაციამ აიძულა საქართველოს მთავრობა 2021 წელს, წინასაარჩევნოდ ფოთელების გულის მოსაგებად, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების დაპირება გაეცა.

თუმცა პრობლემა 2022 წლის სექტემბერში ისევ არაა მოგვარებული.

ფოთის თეატრის შენობის ჭერის ფრაგმენტი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ. 2021 წლის თებერვალი ფოტო: ფოთის თეატრის ფეისბუქ გვერდიდან

ფოთის თეატრის დირექტორი „ბათუმელებს“ უყვება, რომ ამჟამად ფოთის მუნიციპალიტეტის ბალანსიდან თეატრის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა.

„რადგან ფოთის თეატრი კულტურის სამინისტროს სსიპია, ეკონომიკის  სამინისტრო გადმოგვცემს ჩვენ შენობას. ამის შემდეგ  კულტურის სამინისტროსთან ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას შენობის რეაბილიტაციაზე. ახლა მიდის ზუსტად ეს პროცედურა.

კვირის ბოლოსთვის ველოდებით დოკუმენტს, რომლის შემდეგაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და უნდა გატარდეს საპროექტო სამუშაოები. გამოიკვეთოს რა სარემონტო სამუშაოებია საჭირო ამ შენობის რეაბილიტაციისთვის. შესაბამისად იქნება თანხობრივად დათვლილი ეს ყველაფერი.

თვითმმართველობამ უკვე რამდენჯერმე სცადა ხარვეზების გამოსწორება, რაც იყო ამ შენობაში, მაგრამ ამ მცდელობის შედეგები არის ის, რომ დღეს ფოთის თეატრის შენობა დაკეტილია. დაჩქარებული ტემპით რომ გაგრძელებულიყო ეს პროცესი, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – ჩართულია კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და ველოდებით, როდის მოეწერება ხელი საბოლოო დოკუმენტს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თენგიზ ხუხუამ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურს.

რა ეტაპზეა ფოთის დრამატული თეატრის რეაბილიტაციის პროცესი, როდის დაიწყო და როდის დასრულდება? ვკითხეთ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს.

ამ კითხვაზე პასუხს ნახევარი დღის განმავლობაში ველოდებოდით. დღის ბოლოს პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას „მალე ვერ გაარკვევს და როცა გაარკვევს, გვეტყვის“.

მთავარი ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი ფოთის თეატრის გახსნაზე 2014 წელს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: