ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს

18.09.2022
ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს

ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია წარადგინა. სააგენტოში შეტანილია სკრინინგის ანგარიშიც.

აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს.

2 თაუერი, რომელიც ბათუმში უნდა აშენდეს / ფოტომონტაჟი / წყარო გდგ

ამჯერად, სააგენტოში წარდგენილი სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარუდგინონ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

  • სტრატეგიული დოკუმენტი – ეს არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო [განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები].
  • სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება [სგშ] – არის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
  • სკრინინგი კი – არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.

განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და სკრინინგის განცხადების განხილვა სააგენტოში დაწყებულია და ის 2022 წლის 27 სექტემბერს დასრულდება.

წყარო: სკრინინგის ანგარიში

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/429719/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: