მთავარი,სიახლეები

2400-ზე მეტი ჯარისკაცი 22 ქვეყნიდან – ვაზიანში სამხედრო სწავლება დაიწყო

30.08.2022 • 796
2400-ზე მეტი ჯარისკაცი 22 ქვეყნიდან – ვაზიანში სამხედრო სწავლება დაიწყო

29 აგვისტოს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ [Noble partner-2022].

საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდამჭერია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC).

„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში წელს პირველად მონაწილეობენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული.

წელს მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.

სწავლება ვაზიანში. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო/facebook

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ მასპინძლობს.

საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე, ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გადაბეჭდვის წესი