მთავარი,სიახლეები

მზვერავი 93-ე მექანიზებული ბრიგადიდან – უკრაინისთვის დაღუპული გმირი ჩემპიონი

29.08.2022 • 8690
მზვერავი 93-ე მექანიზებული ბრიგადიდან – უკრაინისთვის დაღუპული გმირი ჩემპიონი

წყარო: Hromadske.ua

კრასნოპოლიეს სასაფლაო დნეპრში. ორივე მხარეს ხეივანია და ჯვრები წარწერით: „უცნობი გმირი“. იქვეა სერგეი კარნაუხოვის საფლავიც, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული მსოფლიო ჩემპიონის.

ალინა პლასტმასის გვირგვინებს შორის ცოცხალ ყვავილებს აწყობს. ყელზე ჩამოკიდებულ ჯაჭვზე უკეთია, რაც ქმრისგან დარჩა  – ჟეტონი, საქორწინო ბეჭედი და გაჭეჭყილი ტყვია.

„ტომარას, რომელშიც სერგეი იწვა, ეწერა: „უცნობი მზვერავი 93-ე მექანიზებული ბრიგადიდან“. შემდეგ იყო ამოცნობის პროცედურა და ეს ნივთები დამიბრუნეს,“ – ამბობს ალინა. – „ახლა ყველას თან ვატარებ“.

ქმრის სიკვდილის შესახებ სამხედრო კომისარიატიდან შეატყობინეს. იხსენებს, როგორ იდგა ღამით პროზექტურასთან, რომელიც ერთ დროს სამოქალაქო საავადმყოფო იყო და უმტკიცებდა ექიმებს, რომ მისი ქმარი ნამდვილად იქ უნდა ყოფილიყო. ვერ პოულობდნენ, ბოლოს ერთ-ერთმა ექიმმა ტელეფონი ამოიღო და უცნობი ცხედრის ფოტო აჩვენა – სერგეი იყო.

„ოლეგი, დაღუპულები რომ გადაჰყავთ, იმ მანქანის მძღოლი, ძალიან ადამიანურად მომექცა, საშუალება მომცა ვმჯდარიყავი სატვირთოს ცივ საბარგულში ჩემი ქმრის სხეულთან ერთად – მოვხვეოდი, მეკოცნა და მეთქვა, არ ენერვიულა, რადგან მე მის გვერდით ვიყავი,“ – იხსენებს ალინა.

იზიუმის რაიონში, სოფელ დიბროვნოესთან, დაზვერვის ჯგუფი მტრის ცეცხლში მოხვდა. 27 მაისს სერგეი კარნაუხოვი – 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – თავში მიღებული ჭრილობით დაიღუპა. ის 43 წლის იყო.

სერგეი კარნაუხოვი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-s

სიყვარული ომიანობისას

სერგეი ომში ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში წავიდა, 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში ჩაეწერა და ძალიან მალე პირველ სასტიკ ბრძოლაშიც მოხვდა, პოკროვსკის საგუშაგოზე.

დანაკარგი დიდი იყო: 7 დაღუპული და 7 დაჭრილი. საგუშაგომ გაუძლო, არტილერიამ სატანკო შეტევა მოიგერია, თუმცა ტანკიდან ნასროლმა ჭურვმა სერგეის თვალწინ დაფლითა მისი თანამებრძოლები.

იბრძოდა დონეცკში, ავდეევკაში, სადაც დაიჭრა კიდეც.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ოცეულის მეთაური გახდა, თუმცა მანამდე დაქორწინდა.

წყვილმა ერთმანეთი 2015 წლის ზაფხულში, დონეცკთან ახლოს გაიცნო. ალინა მაშინ მოხალისეობდა – პოკროვსკიდან ფრონტზე დახმარება დაჰქონდა. 2016-ში სერგეი და მისი ბრიგადა ახალ ადგილას გადაიყვანეს – ლუგანსკის ოლქში. ეს პერიოდი მათი ურთიერთობის გამოცდა აღმოჩნდა.

„ძალიან ბევრს ვწერდი, ვუყვებოდი, რას ვაკეთებდი მთელი დღე: რომ გავიღვიძე, რას ვფიქრობდი, რას ვგრძნობდი, როგორ მინდოდა მასთან; რას ვხედავდი, როცა ქუჩაში მივდიოდი; როგორ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, რას ვეტყოდი, როგორ ჩავეხუტებოდი, როგორ ვაკოცებდი. ხშირად ხდება, რომ რაღაცას ვგრძნობთ და ვერ ამოვთქვამთ რატომღაც, მე კი ყველაფერს ვეუბნებოდი ამ წერილებში,“ – ჰყვება ალინა.

ალინა და სერგეი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

ალინას მაღვიძარა ღამის სამ საათზე ჰქონდა დაყენებული, სწორედ ამ დროს გამოდიოდა სერგეი ხაზზე.

„როგორც პაემანს, ისე ველოდებოდი ამ დროს,“ – ამბობს ალინა. – „რომ მიყვარდა, ეგეც მე ვუთხარი პირველმა, ტელეფონით. ამის თქმა რომ არ მომესწრო და მას რამე დამართნოდა, თავს ვერასოდეს ვაპატიებდი. ძალიან მინდოდა, მომესწრო, ეს ხომ ომია“.

როდესაც სერგეი მარიუპოლის მიმართულებაზე გადაიყვანეს, ალინასთვის იქ ჩასვლა და დარჩენა შეუძლებელი იყო. ამიტომ დილის 4-ზე მიდიოდა, მთელ დღეს მასთან ატარებდა და საღამოს შინ ბრუნდებოდა.

„სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი საერთოდ არ მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ეს ისტორია, ეს სიყვარული არ ყოფილიყო. უზომოდ გამიმართლა, რომ ასეთი სიყვარული მქონდა, ეს ადამიანი მყავდა“.

ის, რაც დარჩა

2020-ში სერგეიმ უკრაინის შეიარაღებული ძალები დატოვა. ბერდიანსკში ბინა იყიდეს, სამსახურიც იშოვა, თუმცა როგორც კი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ოჯახი დნეპრში წაიყვანა, თვითონ კი მშობლიურ 93-ე ბრიგადას დაუბრუნდა.

„ვცდილობ, მოგონებები შევინახო – თუნდაც როგორი სუნი აქვს ჩვენს საწოლს. ალბათ, ჩვენს სახლში ყველაფერი თავის ადგილზეა, გაურეცხავი ჭურჭელია ნიჟარაში… მაგრამ ჩვენ იქ აღარ ვართ. სერგეი იქ ვეღარასოდეს იქნება. იქნებ კარგიცაა, რომ იმ ბინაში დაბრუნება არ შემიძლია და ვერ ვხედავ ნივთებს, რომლებსაც ის ვეღარასოდეს შეეხება“.

ყველაზე ძვირფასი ნივთები ახლა თან აქვს – სერგეის საბრძოლო ჯილდოები. სერგეის კიტელი, რომელსაც მედლები უკეთია, ალინამ ოკუპაციიდან ნაცნობს გამოატანინა.

„ვერ დავუშვებდი, ოკუპანტებს დარჩენოდათ. სახლი წამართვეს, ქმარი მომიკლეს, მაგრამ მოგონებებს არ დავთმობ“.

სერგეის საბრძოლო ჯილდოები/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

მთავარ ფოტოზე: სერგეი კარნაუხოვი/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: