მთავარი,სიახლეები

ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

28.07.2022
ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინელთა კონტრშეტევა ძალას იკრებს. 28 ივლისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა პლაცდარმი მოიწყვეს მდინარე ინგულეცის სამხრეთ ნაპირზე, რომელიც თავის მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონთან ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის.

„რუსეთის 49-ე არმია, რომელიც განლაგებულია დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, ამ ვითარებაში ძალიან დაუცველად გამოიყურება,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინამ თავისი შორსმოქმედი არტილერიით დააზიანა დნეპრზე არსებული სამი ხიდიდან ერთ-ერთი, რომლის საშუალებითაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის დანაყოფებს ამარაგებს.

„1000 მეტრიანი ანტონოვკის ხიდი ხერსონთან გასულ კვირაში დაზიანდა. უკრაინამ ხიდს კიდევ ერთხელ 27 ივლისს დაარტყა, რის შემდეგაც ის, დიდი ალბათობით, უკვე უმოქმედოა,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ ხერსონი, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დასახლებული ცენტრია, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. ის ახლა, ფაქტობრივად, მოწყვეტილია სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს. მისი დაკარგვა კი სრულიად ჩაშლის რუსეთის გეგმას, ოკუპაცია წარმატებად წარმოაჩინოს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება ყურადღებას ამახვილებდა სერგეი ლავროვის აფრიკაში ვიზიტზე და აღნიშნავდა, რომ „რუსეთი, სავარაუდოდ, ამ ვიზიტებისას ეცდება მსოფლიო სასურსათო კრიზისში დასავლეთი დაადანაშაულოს და მოიპოვოს აფრიკის იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისადმი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: