მთავარი,სიახლეები

გერმანია უკრაინას 100 თვითმავალ ჰაუბიცს მიჰყიდის – მედია

28.07.2022 • 1966
გერმანია უკრაინას 100 თვითმავალ ჰაუბიცს მიჰყიდის – მედია

გერმანული Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა თანახმაა, უკრაინას 100 ერთეული თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000 მიჰყიდოს.

გამოცემის ცნობით, გარიგების ღირებულება 1,7 მილიარდი ევროა. ჰაუბიცების მწარმოებელი კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ის განცხადებით, შეიარაღების წარმოება დაუყოვნებლივ დაიწყება, თუმცა პაკეტის დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

Настоящее Время-ს ცნობით, უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო ზალპური ცეცხლის სამი რეაქტიული სისტემა MARS-II და სამი თვითმავალი საარტილერიო ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000. გერმანია ასევე აპირებს, უკრაინაში გაგზავნოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები IRIS-T და სამი სარემონტო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა.

გერმანიის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ უკრაინას დაპირებულზე ნაკლებ შეიარაღებას აწვდის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ამ კრიტიკას „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში უპასუხა.

„ჩვენ მიგვაჩნდა და გვჯეროდა, რომ ევროპაში მშვიდობა იქნებოდა, ამიტომაც წარსულში, ჩვენ გაცილებით ნაკლებს ვხარჯავდით საკუთარი თავდაცვის საჭიროებებისთვის. ამაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ფაქტი და რეალობაა,“ – ამბობს მინისტრი. – „ჩვენს მარაგებში 50 წლის წინანდელი ტექნიკაა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ აღარასოდეს მოგვიწევდა ტანკების წარმოება. ვერც კი წარმოიდგინეთ, როგორი ცუდი ტანკები აქვს ჩვენს არმიას დანარჩენ ევროპასთან შედარებით. ევროპა მომართული იყო, რომ მშვიდობიანი ცხოვრებით იცხოვრებდა, ამიტომაც ჩვენი იარაღის მარაგები, ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს“.

Krauss-Maffei Wegmann-ის წარმოების PzH 2000, რომელიც ბუნდესვერმა 1998 წელს მიიღო, ბოლო 24 წლის განმავლობაში, ამ ტიპის შეიარაღებაში ეტალონად მიიჩნევა.

ის NATO-ს სტანდარტებით, 155 მმ კალიბრისაა და გრძელ 55-კალიბრიან ლულას იყენებს. PzH 2000-ის სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული ჭურვებით 30 კმ-ია, რეაქტიული ჭურვებით 40-47 კილომეტრს აღწევს, აქტიურ-რეაქტიულით კი – 67 კილომეტრს.

PzH 2000 განსაკუთრებული სწრაფი სროლითაც გამოირჩევა – წუთში 10-12 ჭურვი. ეს კი იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ ჰაუბიცა ავტომატური დამტენით იტენება.

სწრაფმსროლელი და შორსმოქმედი გერმანული ჰაუბიცები ძალიან ეფექტურად ასრულებს საარტილერიო „ილეთს“, რომლის დროსაც ერთი დანადგარი აკეთებს გასროლის სერიას ისე, რომ ყველა ჭურვი ერთსა და იმავე სამიზნეს ერთდროულად ხვდება. ამ დროს, ყოველი ჭურვი სხვადასხვა ტრაექტორიითა და სიჩქარით გაისროლება – პირველი ყველაზე შორს მიფრინავს, უკანასკნელი კი ყველაზე სწრაფად.

PzH 2000-ის გადაადგილების სიჩქარე 67კმ/საათია, მისი ფასი კი დაახლოებით 3,4 მლნ. ევრო.

მთავარი ფოტო: თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000/ფოტო: უკრაინის თავდაცვის მინისტრის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: