მთავარი,სიახლეები

არსამთავრობოები EU-ს ელჩ ჰარცელს მადლობას უხდიან საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის

21.07.2022 • 907
არსამთავრობოები EU-ს ელჩ ჰარცელს მადლობას უხდიან საქართველოში გაწეული სამუშაოსთვის

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ევროკავშირის უკვე ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავს და მადლობას უხდის იმ შრომისთვის, რომელიც მან საქართველოსთვის გასწია. წერილში სამოქალაქო საზოგადოება ემიჯნება მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს.

„ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,“ – ნათქვამია ღია წერილში.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოება აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების გზაზე ელჩმა გასწია.

„განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება,“ – ვკითხულობთ ღია წერილში.

წერილს ხელს 22 სამოქალაქო ორგანიზაცია აწერს.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში ოთხწლიანი დიპლომატიური მისია დაასრულა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე კარლ ჰარცელს პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.

___

მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩ კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მისი კრიტიკა დაიწყეს. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

კობახიძის განცხადების შემდეგ ჰარცელი გააკრიტიკა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემაც. მან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის არმინიჭების ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ ჰარცელი დაასახელა და თქვა, რომ ელჩს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

___

ფოტო: კარლ ჰარცელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: