სიახლეები

კონცერტები 29 მილიონ ლარად – რა ეკონომიკური სარგებელი ექნება ქვეყანას?

14.04.2016
კონცერტები 29 მილიონ ლარად – რა ეკონომიკური სარგებელი ექნება ქვეყანას?

საქართველოს ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი დაიხარჯება პროექტისათვის „check-in georgia“, რომლის ფარგლებშიც წლის მანძილზე კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი და საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ სახის ღონისძიებებისთვის მილიონების ხარჯვა გამართლებულია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში, რომელიც უამრავი სოციალური გამოწვევის წინაშეა, მსგავს თანხას კონცერტებზე არ უნდა ხარჯავდნენ. „ბათუმელებმა“ თემის შეფასება ორგანიზაცია “არტ ვეის“ ხელმძღვანელს, ნინო ჩხაიძეს სთხოვა:

ნინო ჩხაიძე:
ძირითადი არსი ამ ყველაფრის არის ის, რომ უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მაგრამ რა ფორმით მოხდება ეს, რამდენად კრეატიულად და რამდენად არის ორიენტირებული ადგილობრივი ხელოვანების განვითარებაზე, არიან ისინი ჩართულები ამ პროექტში? – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი.

რადგან 29 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყო, უნდა მომხდარიყო იმის ანალიზი, რამდენად რაციონალური იქნება მსგავსი ხარჯის გაღება იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ამდენი სოციალური პრობლემა გვაქვს. მეორე მხრივ, ამ პრობლემების მოგვარების პროცესში ხომ არ შევაჩერებთ განვითარებას? ჩემი აზრით, კულტურას ნამდვილად სჭირდება განვითარება, შეიძლება 29 მილიონიც კი არ იყოს საკმარისი, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი საჭიროებებს – რამდენად რაციონალურად გადანაწილდება ეს თანხა. არასდროს შეუსწავლიათ, მიწოდება რამდენად არის მოთხოვნის შესაბამისი, ამიტომ, კარგი იქნებოდა, რომ ჯერ ამაზე ემსჯელათ და ამის საფუძველზე დაეგეგმათ პროექტი.

რაც შეეხება ცნობადი სახეების მოწვევას საქართველოში – ჩემი აზრით, ცნობადი სახეების სანახავად მაქსიმუმ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ტურისტები, ვინც ისედაც იცნობს საქართველოს. თუ რომელიმე ქვეყნის პრესაში დაიწერება, რომ, ვთქვათ, რობი უილიამსმა სადღაც „ჯორჯიაში“ გამართა კონცერტი, ამის მაქსიმუმი იქნება ის, რომ ვიღაც ასეთი ქვეყნის არსებობას გაიგებს. მხოლოდ ის, რომ ვიღაც საქართველოს არსებობას გაიგებს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას რა სარგებელს მოუტანს, არ ვიცი. რთულია, ეს დაინახო.

გასულ წელს „ჰით ბათუმი“ ჩატარდა. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ რეგიონის ტურისტული ცნობადობა უნდა გაზრდილიყო. თუმცა ერთი წელი გავიდა და მე არ მომისმენია რა ეკონომიკური სარგებელი მოუტანა ამან ჩვენს ქალაქს. გააკეთა ვინმემ ამის ანალიზი? – არ ვიცი.

ვიცი, რომ ტურიზმის დეპარტამენტს ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს. კეთდება რეკლამები უცხოურ მედიაში, დამატებით კიდევ ასეთი რამეების კეთება რატომ არის საჭირო, ამის ანალიზი აუცილებელია. ჩემი, როგორც მოქალაქის და ხელოვნების მიმართულებით მომუშავე ადამიანის მოთხოვნა არის – ყველაფერი ეფუძნებოდეს საჭიროებებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: