მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს

22.06.2022
ბათუმის სტადიონზე პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს

ბათუმის სტადიონზე პოლიციელები მოქალაქეს დამამცირებლად მოექცნენ და ფიზიკურად შეეხნენ – თმაში მოქაჩეს და თავში ხელი ურტყეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ონლაინ მედიაპლატფორმა „მაუწყებელი“ ავრცელებს. შემთხვევა მოხდა წუხელ, 21 ივნისს, როცა ბათუმის „დინამო“ თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოსთან“.

გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე პოლიციელი მაყურებელთა ფლიგელში დგას, მათგან ორი ფიზიკურად, დამამცირებლად ეხება ახალგაზრდას და ძალის გამოყენებით სტადიონიდან გაჰყავთ მაშინ, როცა ახალგაზრდა მათ წინააღმდეგობას არ უწევს. ჩანს ასევე, რომ პოლიციელი თმაში ქაჩავს მოქალაქეს, ისმის ფრაზაც „გაათრიეთ“.

„მაუწყებლის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე არავინ დაუკავებიათ და აღნიშნული ახალგაზრდა განარიდეს დაპირისპირებას. აქ ვერ გვითხრეს, დაიწყო, თუ არა მოკვლევა გენინსპექციამ პოლიციელების ქმედებაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კი გვითხრეს, რომ ინფორმაცია ბათუმის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შესახებ „ბათუმელებისგან“ შეიტყვეს და პირის იდენტიფიცირებაზე დაიწყეს მუშაობა. ჯერ უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება.

„პოლიციის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლში წერია: „საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.“

„სახეზე შეიძლება გვქონდეს უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, ასევე დამამცირებელი მოპყრობა, უნდა დაიწყოს გამოძიება და მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

პაატა დიასამიძემ გვითხრა, რომ მსგავსი მოპყრობა პოლიციელის მხრიდან არ არის სიახლე, „რაც ვერც პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებში ჩაჯდება და ვერც პოლიციის ეთიკის კოდექსში“.

——-

ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდას ბათუმის სტადიონზე ფიზიკურად ეხება, რეზო ხარაზია. ის, მაგალითად, შსს-ს წარმოადგენდა „თამარ კურატიშვილის საქმეში“ სასამართლო პროცესზე. თამარ კურატიშვილი „სირცხვილიას“ აქტივისტია და ბათუმში ის სუსის შენობასთან ვიდეოგადაღებისთვის დააკავეს.

„ის აჩენდა აგრესიას… პოლიციელებს გვიწოდებდა ძაღლებს, დაგეშილები რატომ მოდითო,“ – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა და განმარტა, რომ თამარ კურატიშვილმა უარი თქვა ბანერის ჩამოხსნაზე, ასევე, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ პოლიციელ რეზო ხარაზის პოზიციები არ გაითვალისწინა და თამარ კურატიშვილი გაამართლა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: