მთავარი,სიახლეები

რუსეთი დონბასის ოკუპაციით უკრაინაში შეჭრის გამართლებას ეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

28.05.2022
რუსეთი დონბასის ოკუპაციით უკრაინაში შეჭრის გამართლებას ეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 28 მაისის მიმოხილვა მთლიანად დონბასში მიმდინარე ბრძოლებს ეძღვნება.

უწყების ინფორმაციით, 27 მაისისთვის, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლიმანის დიდი ნაწილი ნაწილი დაიკავეს, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთი დონბასზე მომდევნო, უფრო ძლიერი შეტევისთვის ემზადება.

„ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, მთავარი სარკინიგზო კვანძითა და მნიშვნელოვანი სარკინიგზო თუ საავტომობილო გზებით, რომლებიც მდინარე სევეროდენცკზე გადის.

მომდევნო დღეებში, რუსეთის შენაერთები, პრიორიტეტულ ამოცანად სწორედ მდინარის გადალახვას დაისახავენ“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

უწყება მიუთითებს, რომ ამ დროისთვის, რუსეთის ძალები კონცენტრირებულნი არიან 40 კილომეტრის მოშორებით, აღმოსავლეთით, ქალაქ სევეროდონეცკზე.

„თუმცა ლიმანთან პლაცდარმის შექმნა, რუსეთს უპირატესობას მისცემს დონბასზე შემდეგი შეტევისთვის, რომლის დროსაც ის, სავარაუდოდ, ეცდება, აიღოს დონეცკის ოლქის სიღრმეში, უკრაინელთა მიერ კარგად გამაგრებულ ქალაქები – სლოვიანსკი და კრამატორსკი.“

როგორც დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, დენის პუშინილმა კრემლის მედიას უთხრა, თუ რუსეთი მთლიანად დაიკავებს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, იქ რეფერენდუმი გაიმართება.

„თუ რუსეთი ამ ტერიტორიების ოკუპაციას მოახერხებს, დიდი ალბათობით, კრემლი ამას არსებით პოლიტიკურ წარმატებად შეაფასებს და ამით, რუსი ხალხის თვალში, სამხედრო აგრესიის გამართლებას ეცდება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავაც ახერხებენ სექტორის ორგანიზებულად დაცვას და რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მიყენებას.

ბრიტანეთის თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს. 27 მაისის პოსტში, ტვიტერზე, დაზვერვა წერდა, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე 50 წლის წინანადელი ტანკები T 62-ები გამოიყვანა, რაც თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი ტექნიკის ნაკლებობაზე მიუთითებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: