მთავარი,სიახლეები

საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური ქალი, რომელიც ისტორიის მასწავლებელი იყო

27.05.2022 • 7598
საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური ქალი, რომელიც ისტორიის მასწავლებელი იყო

ლიუბოვ პლაკსიუკი პირველი ქალია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საარტილერიო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს.

ის ქალაქ ბარანოვკიდანაა, ჟიტომირის ოლქიდან. 2016 წლამდე ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, შეიარაღებულ ძალებში ემსახურა. ლიუბოვმა რადიოტელეფონისტობით დაიწყო და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, თუმცა იმ ერთმა დღემ, როდესაც თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მუშაობა იხილა, მისი კარიერა კიდევ ერთხელ შეცვალა.

„როდესაც დავინახე “Гиацинт-С” და მერე გავიარე კიდეც ამ მანქანით, რომლის გრუხუნიც სუნთქვას შეგიკრავს ადამიანს, მივხვდი, რომ – ეს ჩემია,“ – იხსენებს ლიუბოვი.

თავისუფალ დროს პლაკსიუკმა დანადგარის შესწავლა დაიწყო. კითხულობდა შესაბამის ლიტერატურას, ერკვეოდა იარაღის კონსტრუქციაში, 2019 წელს კი პირველად გაისროლა პოლიგონზე.

2022 წლის თებერვალში, როდესაც ომი დაიწყო, ლიუბოვ პლაკსიუკი  უკვე საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაური იყო.

ლიუბოვ პლაკსიუკი/ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

„თუ სამიზნის დაზიანება გინდა, ისე, რომ მან ვეღარ იმუშაოს, საკმარისია “Гиацинт-С”-დან გასროლილი ჭურვი 50 მეტრის რადიუსში მოარტყა, თუკი ამოცანა სამიზნის განადგურებაა, მაშინ უფრო ზუსტი დამიზნებაა საჭირო… არტილერია ძალიან რთული მეცნიერებაა, რომლის სწავლაც არასდროს მთავრდება“, – ჰყვება პლაკსიუკი.

გამოცემა „უნიანის“ ცნობით, გასული წლის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 57 ათასი ქალი მსახურობს – პირადი შემადგენლობის 22 %. 3 500 მათგანი უფროსი ოფიცერია.

შარშან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, ქალმა, ტატიანა ოსაშენკომ ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.

მთავარი ფოტო: ლიუბოვ პლაკსიუკი/უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: