მთავარი,სიახლეები

საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება – Le Figaro

27.05.2022 • 1033
საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება – Le Figaro

„საქართველო შორდება ევროკავშირს და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება“ – სტატიას ამ სათაურით გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Figaro აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჟურნალისტი იზაბელ ლაზერია.

გამოცემის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაეგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არ შეუერთდა სანქციებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „უსარგებლოდ“ მიიჩნევს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი დონბასში კი აწარმოებს ცხარე ბრძოლებს, თუმცა რუსეთის ომი ყოფილი საბჭოთა კავშირის მიწებზე გრძელდება სხვადასხვა საშუალებით:

„პუტინის საჯარო, პირველი მტერი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც 2004 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისი ქვეყანა, საქართველო, რეფორმების წყალობით დასავლეთის დემოკრატიულ ოჯახს დააახლოვა. 54 წლის სააკაშვილი ახლა ციხეში ნელი სიკვდილით კვდება. სააკაშვილი რეგიონის ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმარია“, – წერს Le Figaro

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მის შეწყალებაზე თქვა უარი.

„ჩრდილში კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელმაც რუსეთში დააგროვა ქონება და კრემთან კვლავ ახლო კავშირი აქვს“, – წერს ფრანგული გაზეთი.

მათივე განმარტებით, საბჭოთა წარსულგამოვლილი, პატარა საქართველო, სადაც 2000-იანი წლებიდან დასავლური დემოკრატია ვითარდებოდა, კვლავ დაბრუნდა მოსკოვის ორბიტაზე.

ამ დასკვნას Figaro ქვემოთ მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს:

  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიმართ საქართველოს გამოვლენილი „ნეიტრალიტეტი“ პუტინის კმაყოფილებას იწვევს.
  • საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, უარი თქვა ასევე შეერთებოდა ევროპულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
  • საქართველომ ნება დართო რუსულ კომპანიებს, რომ თბილისში დამკვიდრდნენ ევროპული სანქციების გვერდის ავლით.
  • მოსკოვის მსგავსად, სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები საქართველოშიც ერიდებიან უკრაინის „ომზე“ საუბარს და კრემლის პროპაგანდას ეწევიან.
  • პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა.
  • განსხვავებული ხმების ჩასახშობად საქართველოში იგივე რეპრესიული მეთოდები გამოიყენება, როგორიც რუსეთში: კერძოდ, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამწელიწად-ნახევრით.
  • რამდენიმე თვეში საქართველომ პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში 30-ე ადგილი დაკარგა და 89-ე ადგილზე ჩამოვიდა.
  • თბილისმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მარტში გააკეთა, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები კი აძლიერებენ ევროპის კრიტიკას.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ le Figaro-ს სტატია გლუკსმანის შეკვეთილია.

რაფაელ გლუკსმანი 2005-2012 წლებში იყო იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი. 2018 წელს მან დააარსა ფრანგული მემარცხენე პარტია „Place Publique“. 2019 წელს გლუკსმანის პარტიამ სოციალისტურ პარტიასთან ერთად საერთო სია წარადგინა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომლის პირველი ნომერიც თავად გლუკსმანი იყო.

___

აქ ნახეთ რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა რაფაელ გლუკსმანზე პარლამენტში გამოსვლისას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: