მიხაილო პოდოლიაკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართ დათმობებს. თუ აგრესორის პირობებს თანხმდები, ის ეცდება თითის ნაცვლად მთელი ხელი მოგაჭამოსო.

პოდოლიაკის თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ბევრ სხვა პრეტენზიას წამოაყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა „რადიო ნბ“-თან განაცხადა, იუწყება „24-ე კანალი“.

„ნებისმიერი მცირე დათმობა რუსეთს მხოლოდ წაახალისებს სხვა პრეტენზიების წამოყენებაში. თუ თითს დაუთმობთ, შეეცდებიან თქვენი ხელის მოგლეჯას“, – თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი ასე გამოეხმაურა ევროპაში ბოლო დროს გაჟღერებულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების ნაწილი რუსეთს დაუთმოს. პოდოლიაკის განცხადებით, მისთვის საერთოდ გაუგებარია ომის 83-ე დღეს როგორ გაჩნდა მსგავსი მოსაზრება.

ერთადერთი, რითაც ამის ახსნა შეიძლება – ეს სიჩუმის სურვილია. არიან სახელმწიფოები, რომლებსაც რუსეთთან თანამშრომლობის დაბრუნება და იქ ბიზნესის განახლება სურთ – აცხადებს პოდოლიაკი. „თუმცა, იმისათვის, რომ ომი დასრულდეს, ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი ტერიტორიების დათმობა. ევროპამ ამ ომში სწორედ უკრაინას უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი“.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version