მთავარი,სიახლეები

ბაიდენი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალ პროგრამას აცხადებს

22.04.2022
ბაიდენი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალ პროგრამას აცხადებს

„ერთად უკრაინისთვის“ – ასე ეწოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პროგრამას, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

პროგრამამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების პროცესი უნდა გაამარტივოს.

„ერთად უკრაინისთვის“ საშუალებას მისცემს შტატების მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაასპონსორონ უკრაინელი ლტოლვილები, აღმოუჩინონ მათ ფინანსური დახმარება.

„პროგრამა იქნება მოქნილი და სწრაფი. ის აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს საკუთარ ვალდებულებებს უკრაინელი ხალხის მიმართ. მათ აღარ დასჭირდებათ ჩვენი სამხრეთ საზღვრის გავლით შტატებში შემოსვლა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა დასძინა, რომ ლტოლვილთა პროგრამა უკრაინისთვის შეერთებული შტატების უფრო დიდი დახმარების ნაწილია. მან ასევე გამოაცხადა უკრაინისთვის 1.3 მილიარდის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარების შესახებ.

ახალი პროგრამისთვის ორშაბათს ჩაეშვება სპეციალური ვებგვერდი, რომლის დახმარებითაც შეერთებულ შტატებში მყოფ მოქალაქეებსა და ჯგუფებს შეეძლებათ სპონსორები გახდნენ.

დაჩქარებული წესით თავშესაფრის მისაღებად საჭიროა, უკრაინის მოქალაქეს 11 თებერვლამდე სამშობლოში ეცხოვრა. ის ასევე ვალდებულია ჩაიტაროს ვაქცინაცია, ბიომეტრიული სკრინინგი, შეერთებული შტატების სამსახურები ასევე შეამოწმებენ მის წარსულ საქმიანობასაც.

CNBC-ი წერს, რომ ორშაბათიდან, რაც პორტალი ჩაეშვება, იმ უკრაინელებს, რომლებიც შტატების საზღვრებს მიადგებიან ვიზის გარეშე, უკან გააბრუნებენ და პორტალზე დარეგისტრირებას მოსთხოვენ, რის გამოც შესაძლოა, აშშ-მექსიკის საზღვართან უკვე მყოფი ლტოლვილები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ამ ნაბიჯამდე ერთი თვით ადრე ბაიდენი აცხადებდა, რომ აშშ მზად იყო ომს გაქცეული დაახლოებით 100 000 უკრაინელი მიეღო, – წერს CNN-ი. – იმის გამო, რომ უკრაინელებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის შესაძლებლობები შეზღუდული იყო, ისინი მექსიკაში ჩადიოდნენ და იქ ცდილობდნენ ვიზის მიღებას.

მარტში 5 000-ზე მეტმა უკრაინელმა სცადა შტატებში შესვლა, მათ შორის 3,200-მა მექსიკიდან. ამერიკული მედიის ცნობით, ისინი აშშ-ში ლტოლვილის სპეციალური სტატუსით შეუშვეს.

გაეროს ლტოლვილთა კომისრის ცნობით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მთავარი ფოტო: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: