მთავარი,სიახლეები

უკრაინელებმა და ბელარუსებმა ბათუმში სანაპირო დაასუფთავეს

22.04.2022
უკრაინელებმა და ბელარუსებმა ბათუმში სანაპირო დაასუფთავეს

ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა და ბელარუსის რეჟიმს გამორიდებულმა მოქალაქეებმა ზღვის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა გენო თებიძე „ბათუმელებს“ უთხრა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ იქცნენ ლტოლვილებად. ასევე ისინი, რომლებიც ბელარუსიიდან ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ და ბათუმში ცხოვრობენ.

უკრაინელები და ბელარუსები ბათუმის სანაპიროს ალაგებენ

„როგორც ჩეხეთში და პოლონეთში გააკეთეს მადლიერების ნიშნად, დაახლოებით ასეთი მოტივი ჰქონდათ აქაც ამ ადამიანებს. ესენი ჩვენი მეგობრები არიან, ძალიან აქტიურად არიან ჩართული უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში. აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც იდევნებიან ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ და ასევე ისინიც, რომლებიც დევნილები არიან და ახლა მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან“, – ამბობს გენო თებიძე.

უკრაინელი ბავშვი ბათუმის სანაპიროს ნარჩენებისგან ასუფთავებს.

უკრაინელები და ბელარუსები ბათუმის სანაპიროს ასუფთავებენ.

გენო თებიძის თქმით, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელარუსები სოლიდარობას იჩენენ ომის დევნილების მიმართ და ეხმარებიან. „ყველა კაფე, რომელიც ეკუთვნით უკრაინელებს ან ბელარუსებს, ყველა ლტოლვილ ოჯახს უფასოდ აჭმევს. თითო კაფე 30-40 ადამიანს უფასოდ მასპინძლობს და ასე არიან გადანაწილებული 11 კაფეში ადამიანები. ძალიან ორგანიზებულები და სოლიდარულები არიან“, – ამბობს გენო თებიძე.

უკრაინელმა ლტოლვილებმა ბათუმის ზღვის სანაპირო დაასუფთავეს.

„ისინი ცდილობენ ასე გამოხატონ მადლიერება ჩვენი ქალაქის მიმართ“, – ამბობს გენო თებიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: