მთავარი,სიახლეები

უკრაინის პროკურატურა: რუსეთი უკრაინელ ბავშვებს ომში ითრევს

22.04.2022
უკრაინის პროკურატურა: რუსეთი უკრაინელ ბავშვებს ომში ითრევს

გენერალური პროკურორის ოფისმა დააფიქსირა 8 შემთხვევა, როდესაც რუსეთი უკრაინელ ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. წერს გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ გენერალურ პროკურორზე, ირინა ვენედიქტოვაზე დაყრდნობით.

„ბავშვები, უკრაინელი ბავშვები. ფიქრიც კი მზარავს, რომ მათ ომში იყენებენ ცინიკური და უგულო ბოროტმოქმედები. არასრულწლოვანთა საქმეების პროკურორებს ორი ფოკუსი აქვთ – მსხვერპლი ბავშვები და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები. რუსეთი მათ სულებს წამლავს და აიძულებს, მიიღონ მონაწილეობა ოკუპანტებისთვის სამხედრო ინფორმაციის მოგროვებაში ან გადაცემაში, იარაღის ტრანსპორტირებაში და სხვა. ეს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 38-ე მუხლის პირდაპირი დარღვევაა. ჩვენ დავაფიქსირეთ 8 ბავშვის მონაწილეობა ასეთ ქმედებებში“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა და რამდენიმე ფაქტზე ისაუბრა.

ხარკოვის რაიონში მცხოვრები 12 წლის მოზარდი ინტერნეტის ქსელსა და ტელეგრამ არხებში გზავნიდა ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალების ტექნიკის, საგუშაგოებისა და სამხედროების ადგილმდებარეობის შესახებ და ამისთვის ფულად ჯილდოს ელოდა. მსგავსი ფაქტი დააფიქსირა პროკურატურამ ლუგანსკის რაიონშიც.

ჩერნიგოვის რაიონში, ერთ-ერთი სოფლის ოკუპაციის დროს, არასრულწლოვანმა ადგილობრივმა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან მიიღო დავალება, დაეზვერა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები. ბავშვს ხელსა და ფეხზე წითელი ლენტები ჰქონდა შებმული და ის რუს ჯარისკაცებს სოფელში დაჰყვებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის მოზარდს „მიჰყავდა“ ოკუპანტები იმ უკრაინელთა სახლებამდე, რომელთა მფლობელებსაც კავშირი აქვთ უკრაინის სამართალდამცავ ან თავდაცვით ორგანოებთან და რომლებსაც შესაძლოა, შინ იარაღი ჰქონდეთ. ის სამხედროებს აჩვენებდა, სად შეიძლებოდა ეშოვათ საჭმელი, თამბაქო და ალკოჰოლი. მოზარდი დაკავებულია და მასთან გამომძიებლები მუშაობენ.

ხარკოვის რაიონში 17 წლის მოზარდმა YouTube არხზე რუსეთის მხარდამჭერი და საქებარი მასალები გაავრცელა.

პროკურატურამ ასევე აღნიშნა სკოლის მოსწავლეებისგან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შემთხვევაც.

მთავარი ფოტო: ირინა ვენედიქტოვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: