უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ კოლეგასთან ამირ აბდოლლაჰიანთან. კულებას თქმით, ირანმა უარყო ბრალდებები, თითქოს რუსეთს იარაღი ირანული კომპანიების დახმარებით გადააქვს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის ომს და მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას.

„მქონდა ზარი საგარეო საქმეთა მინისტრთან, ამირ აბდოლლაჰიანთან. ირანი ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში და მხარს უჭერს დიპლომატიურ გადაწყვეტას. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლლაჰიანს. მან უარყო ბრალდებები, რომ რუსეთს გადააქვს იარაღი ირანული კომპანიების დახმარებით. ასევე, უკრაინაში სამედიცინო ჯგუფის გამოგზავნისთვის,“ – წერს დმიტრო კულება twitter-ზე.

ინფორმაცია, რომ რუსეთი ერაყიდან ირანის მიერ კონტრაბანდულად გადმოტანილ იარაღს იყენებს ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 12 აპრილს გაავრცელა.

Published by ირმა დიმიტრაძე

ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან

Exit mobile version