უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დასრულდა. პოდოლიაკის თქმით, „ის შედეგები, რაც უკრაინას სჭირდება, ჯერ არ არის მიღწეული“. რაზეც შეთანხმება შედგა, ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზებაა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე პოდოლიაკმა დააზუსტა, თუ რას ნიშნავს ჰუმანიტარული კორიდორი და რა შემთხვევაში შეწყდება ცეცხლი. მისი თქმით, დროებით ცეცხლის შეწყვეტა მოსალოდნელია მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ევაკუაცია ხდება ჰუმანიტარული კორიდორის პირობებში.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედების არეალში მყოფი მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების შეტანაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თქმით, მუშაობა გაგრძელდება მაქსიმალურად მოკლე დროში შემდეგი რაუნდის გასამართად.

რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, 3 მარტს, გაიმართა. როგორც შეხვედრის დაწყების წინ პოდოლიაკი წერდა, უკრაინის დელეგაციის მოთხოვნები იყო: ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე დაზავება, ჰუმანიტარული კორიდორები დაბომბილი სოფლებიდან და ქალაქებიდან ადგილობრივების გასაყვანად.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 28 თებერვალს შედგა. პირველი შეხვედრა ბელარუსში, უკრაინის საზღვართან, მდინარე პრიპიატის ნაპირზე გაიმართა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ აქტიურად უტევს სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის, კიევს.

Published by ირმა დიმიტრაძე

ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან

Exit mobile version