ქობულეთის მერიის შენობაში ჟურნალისტებს და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს არ უშვებენ. საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან ბონდო თედორაძე, სხვა კოლეგებთან ერთად დღეს, 8 თებერვალს, მივიდა ქობულეთის მერიაში. მას საკრებულოს ფრაქციის სამუშაო ოთახში განცხადება უნდა გაეკეთებინა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც  ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ჰქონდა ქალაქში არსებულ პრობლემებზე და აუდიტის დასკვნის შესახებ.

ჟურნალისტები ამ ამბის გასაშუქებლად იყვნენ მისული მერიაში, თუმცა ქობულეთის მერიის შესასვლელი [ამავე შენობაშია საკრებულოც] დაცვის პოლიციის კორდონით გაამაგრეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ქობულეთის მერიაში არ შეუშვეს ტელეკომპანია „მთავარის“ „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები.

„დაახლოებით ნახევარი საათი ვითხოვდით ქობულეთის მერიაში შესვლას, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მოგვცა. განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდა ერთი პოლიციელი, რომლის ვინაობა ჯერ ვერ დავადგინე. მერმა შემოგვითვალა, რომ პანდემიის გამო არ გვიშვებს ჟურნალისტებს შენობაში, “ – უთხრა „ბათუმელებს“ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თეა ვაშალომიძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ქობულეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა ჯერჯერობით არ მიგვიღია განმარტება, რის საფუძველზე არ შეუშვეს ჟურნალისტები მერიის შენობაში.

Exit mobile version