დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოში კოვიდით მეორედ დაინფიცირების 10 997 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID-19-ის პირველსა და მეორე დადასტურებებს შორის, ყველაზე მოკლე ვადა 69 დღე იყო. ამავე მონაცემებით, რეინფიცირებამდე საშუალო პერიოდი დაფიქსირებულია 291 დღე,  მაქსიმალური კი – 589.

რეინფიცირებად განიხილება ადამიანის განმეორებითი ინფიცირება COVID-19-ით, გამოჯანმრთელებიდან განსაზღვრული დროის ინტერვალის შემდეგ.

„საქართველოში შესაძლო რეინფიცირების შემთხვევების კვლევა დაიწყო 2020 წლის სექტემბრიდან. კოვიდით რეინფექციის შემთხვევების განსაზღვრება დროებითია და ექვემდებარება განახლებას სათანადო მტკიცებულებების არსებობისას ან ჯანმოს რეკომენდაციების შესაბამისად“ – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევაში.

კოვიდით რეინფიცირების 10 997 შესაძლო შემთხვევათაგან, რომლებიც იყვნენ დადებითი პჯრ კვლევით ან ანტიგენის სწრაფი ტესტირებით,  მამრობითი სქესის იყო 4103 (37%), ხოლო მდედრობითი – 6894 (63%). შესაძლო რეინფიცირებულთა ასაკის საშუალო განმეორებითი ინფიცირებისას იყო 36 წელი, მინიმალური ასაკი – 4 თვე, მაქსიმალური – 94 წელი.

აღწერილი 10 997 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან, კოვიდით სიკვდილის 52 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა 40+ ასაკობრივ ჯგუფში.

10 997 შესაძლო რეინფიცირებულთაგან, პირველად და განმეორებით ინფიცირებას შორის სრულად აიცრა 1833 ადამიანი. ამ 1833 შემთხვევიდან კოვიდით სიკვდილის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა 50+ ასაკობრივ ჯგუფში.

აღნიშნული კვლევა ემყარება 2020 წლის 26 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს, როცა კოვიდის ახალი შტამი, ომიკრონი, ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version