ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

მოსწავლეების სკოლებში მიყვანაზე 38 დღეში 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში

15.01.2022 • 3977
მოსწავლეების სკოლებში მიყვანაზე 38 დღეში 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში

აჭარის განათლების მინისტრის ბრძანებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ჯამში 1 224 270 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულებები კი, ტენდერის გარეშე გაფორმდება.

მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი თანხებია განსაზღვრული:

  • ბათუმი – 85 670 ლარი
  • შუახევი – 193 121 ლარი
  • ხულო – 168 616 ლარი
  • ხელვაჩაური – 360 990 ლარი
  • ქობულეთი – 217 898 ლარი
  • ქედა –  197 973 ლარი

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ფასები ბაზრის კვლევით დაადგინეს.

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე სამინისტროს განაცხადში აღნიშნულია, რომ „სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მიზნით გამოცხადებული იყო კონსოლიდირებული ტენდერები, რომლებიც არ შედგა [დასრულდა უარყოფითად]. შესაბამისად, ახალი ტენდერების გამოცხადებამდე და ხელშეკრულებების დადებამდე სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭიროა გაფორმდეს გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულება, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით“.

„შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან ვერ მოხერხდება მოსწავლეთა დროული გადაადგილება და მოსწავლეები ვერ შეძლებენ სასწავლო პროცესში ჩართვას“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, გამარტივებული შესყიდვებით ხელშეკრულებები გაფორმდება 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით სასწავლო დღეებზე [38 სასწავლო დღე] და ეს არის „მინიმალური და გონივრული ვადა – შემდგომში კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებასა და შედეგის დადგომამდე“.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა ორშაბათიდან, ანუ 17 იანვრიდან განახლდება. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დაუშვა დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა.

დისტანციურად სწავლის მოსურნე ბავშვებმა კი, რეგისტრაცია სპეციალურ მისამართზე უნდა გაიარონ.

დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

სკოლებში სწავლება 17 იანვარს განახლდება – დისტანციური სწავლება ამ სემესტრშიც დაუშვეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: