ოთახში სამი ძველი საწოლი დგას, კუთხეში კი ძველებური აკვანია, რომელშიც ექვსი თვის ბარბარე წევს. გოგონა ისეთი გამხდარია, ძლივს ჩანს მტკიცედ გადაჭერილ არტახებში. ბავშვი დროდადრო მოძრაობას ცდილობს და ტირილს იწყებს. ექვსი თვის ბარბარემ, მატების ნაცვლად, ბოლო ორი თვის მანძილზე ერთი კილოგრამი დაიკლო წონაში.
25 წლის გიული ბარბარეს დედაა, ის ცალი ხელით აკვანს არწევს, მეორე ხელში კი ბარბარეს წლინახევრის და, ანიტა უჭირავს.
გიული ამბობს, რომ ანიტა, უმცროსი დისგან განსხვავებით, შეესაბამება თავისი ასაკის წონას. ბავშვების დედა ყვება, რომ ანიტა სახელმწიფოსგან კვების ვაუჩერებს იღებდა, რის შედეგადაც „ჰუმანა“ და ბავშვებისთვის განკუთვნილი ფაფები არ აკლდა, რისი დამსახურებითაც ბავშვი ჯანმრთელი გაიზარდა.
ექვსი თვის ბარბარეს კი არ „გაუმართლა“. ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა და ბარბარეს კვების რაციონი ძალიან მწირია – წყალზე დამზადებული მოხალული ფქვილის ფაფა.
„8 თვის დაიბადა. თავიდან 40 დღემდე ვაწოვებდი ძუძუს, მაგრამ არ იყო რძე სასარგებლო, მერე აღარც მქონდა. ცოტა ხანს ანიტას ვაუჩერით აღებულ საჭმელს ვაჭმევდი, მერე მოხალული ფქვილის ფაფას. ფული არ გვქონდა ფაფების საყიდად“, – ყვება გიული.
ოჯახში ამბობენ, რომ უბნის ექიმმა მშობლებს ბარბარეს ფქვილსა და წყალზე დამზადებული ფაფით კვება აუკრძალა და ბავშვს ვიტამინები და მკურნალობა დაუნიშნა, სუსტი ძვლების გამო. ოჯახმა პატარა ბარბარესთვის დანიშნული წამლების შეძენა ვერ შეძლო.
თურმანიძეების ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა წინსვლაში ცხოვრობს. ოჯახში სულ რვა წევრია: გიული, მისი ქმარი ანტონი, მაზლი, ორი არასრულწლოვანი მულიშვილი, დედამთილი, პატარა ანიტა და ბარბარე. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული, მაგრამ დახმარებას დღეს ვერ იღებს. როგორც ოჯახში ყვებიან, გიულის მული თურქეთში წავიდა ცოტა ხნით, ოჯახს კი განცხადებით არ მიუმართავს სოციალური დაცვის სააგენტოსთვის, ამიტომ დახმარება შეუჩერდათ და როგორც თავად ამბობენ, ერთი წლის განმავლობაში განცხადებასაც ვერ შეიტანენ ხელახალი შესწავლის მოთხოვნით. ოჯახში, სადაც ოთხი ბავშვი ცხოვრობს, არავინ არ მუშაობს.
„არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ვიმუშაო, როგორ ვიმუშაო, სად ვიმუშაო, ბავშვები სად დავტოვო. ისევ ჩემებთან [მშობლებთან] წავიდე-მეთქი, მაგრამ იმათაც არაფერი აქვთ, თვითონ სოციალურად დაუცველები არიან“, – ყვება გიული და ბარბარე ამოჰყავს აკვნიდან, რომელიც პირს აცმაცუნებს და თან გამხდარ თითებს უცაცუნებს დედას ხელზე.
ოთახში შემოსული სოფლის ექთანი ჟუჟუნა შოთაძე გიულის საყვედურობს, გაფრთხილების მიუხედავად, რატომ აწვენენ ბავშვს ისევ აკვანში და ბარბარეს ათვალიერებს. იგი ამბობს, რომ ბავშვი უკეთ გამოიყურება, ვიდრე ორი კვირის წინ.
„ვურეკავდით მე და ექიმი ზამთარში გიულის, რომ აცრაზე მოეყვანათ ბავშვი. ხან დიდთოვლობა იყო, ხან ეტყობა გზის ფული ვერ ნახეს, რომ მოვიდა და ეს შედეგი იყო, ძალიან შევშინდით. ექიმმა ჯიბიდან მისცა ფული, ჰუმანა რომ ეყიდა, რამე უნდა ვუშველოთ. ისე, კვების ვაუჩერი რომ იყოს და მოუწევდეს, კარგი იქნებოდა. ძალიან მეშინია, ცოტა ხნის წინ არ იყო, ბავშვი შეუსაბამო წონის გამო რომ დაიღუპა? მე თვითონ რამდენს დავეხმარები? იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს, ბავშვის გადარჩენაზეა საუბარი“, – წუხს უბნის ექთანი.
გიულის დედამთილი ვარდო ამბობს, რომ ვისგანაც შეიძლებოდა, ფული უკვე ისესხა. სახლში კი საკვები არც უფროსებისთვისაა, არც ბავშვებისთვის და იწურება ბარბარეს ფაფის მარაგიც. რა იქნება შემდეგ? ამ კითხვაზე ოჯახში პასუხი არავის აქვს.
წლინახევრის ანიტა ოთახის კუთხეში დგას და ჩუმად გვათვალიერებს. ცალ ხელში პურის ნაჭერი აქვს ჩაბღუჯული და როგორც კი მოიხელთებს, პირისკენ მიაქვს. უცხო ადამიანები ცოტა აფრთხობს და ტირილს იწყებს. „ნუ გეშინია, შენთან არ მოვა“, – ამშვიდებს დედა.
