მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„ბუსტერი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაა ომიკრონისგან“ – ჰანს კლუგე

22.12.2021 • 1343
„ბუსტერი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაა ომიკრონისგან“ – ჰანს კლუგე

ჯანმოს ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ გააფრთხილა ქვეყნები, რომ ომიკრონის ინტენსიური გავრცელების პირობებში მოემზადონ Covid19-ის შემთხვევების „მნიშვნელოვანი ზრდისთვის“.

„ჩვენ ვხედავთ ქარიშხლის მოახლოებას… რამდენიმე კვირაში ომიკრონი დომინანტი გახდება ევროპის რეგიონის უფრო მეტ ქვეყანაში, რაც უკვე დაჭიმულ ჯანდაცვის სისტემებს ზღვარზე მიიყვანს“ – თქვა 21 დეკემბერს ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰანს კლუგემ. მის კომენტარს „გარდიანი“ ავრცელებს.

კლუგე

ჰანს კლუგე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემების ზღვრამდე მიყვანის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბუსტერ დოზების უფრო აქტიურად გამოყენება.

„ბუსტერი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა ომიკრონისგან,“ – განაცხადა მან.

ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ომიკრონი გამოვლინდა ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან მინიმუმ 38 ქვეყანაში და უკვე დომინანტია რამდენიმე მათგანში, მათ შორის დანიაში, პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში. ჯანმო-ს ევროპის რეგიონში შედის თურქეთი, საქართველო და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც.

შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებში.

ჰანს კლუგე: „Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდმა მოცულობამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ჰოსპიტალიზაცია, ასევე ჯანდაცვის სისტემებისა და სხვა კრიტიკული სერვისების ფართო შეფერხება… მთავრობებმა და ხელისუფლებამ უნდა მოამზადონ ჩვენი რეაგირების სისტემები მნიშვნელოვანი ზრდისთვის“.

წინასწარი მონაცემებით, დელტა ვარიანტთან შედარებით ომიკრონით ინფიცირება ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს. თუმცა რადგან იგი უფრო გადამდებია და მეტი ადამიანის ინფიცირებას იწვევს, ეს გამოიწვევს უკვე გადატვირთული ჯანდაცვის სისტემებზე დამატებით ზეწოლას და ადამიანები ვერ მიიღებენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ომიკრონი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს რისკჯგუფებისათვის, განსაკუთრებით კი ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ჯანდაცვის ის საყოველთაო ზომები, რომლებიც აქამდე covid19-ისგან დასაცავად გამოიყენებოდა კვლავ ეფექტურია ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ, ეს ზომებია: პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში და აცრა კორონავირუსზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციითაც ბუსტერიზაცია ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად მიიჩნევა ომიკრონის გავრცელების პრევენციისთვის.

„რადგან უკვე დადგენილია კვლევებით, რომ განსაკუთრებით მესამე დოზა ფაიზერს საკმაოდ მაღალი დაცვის უნარი აღმოაჩნდა ომიკრონის შტამის მიმართ, მივმართავ მოსახლეობას, დააჩქარონ ბუსტერიზაცია,” – თქვა საკოორდინაციო საბჭოს წევრების დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ.

დღეისთვის საქართველოში 54 000 ბუსტერია გაკეთებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: