მთავარი,სიახლეები

საქართველოში ბავშვებზე ისევ ქორწინდებიან – კანონი, რომელიც ბოლომდე ვერ მუშაობს

30.11.2021 • 2310
საქართველოში ბავშვებზე ისევ ქორწინდებიან – კანონი, რომელიც ბოლომდე ვერ მუშაობს

2017 წლის იანვრიდან საქართველოს აქვს კანონი, რომლის თანახმადაც 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ქორწინება დაუშვებელია. კანონის მიუხედავად, მოზარდებთან საქართველოში ჯერ კიდევ ქორწინდებიან და უმეტეს შემთხვევაში ვერც ერთი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება ამას ადრეულ ეტაპზე „ვერ ხედავს“. ბავშვად მიიჩნევა პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, ბავშვზე ზრუნვის სააგენტომ 2020 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 131 შემთხვევა შეისწავლა, ხოლო შსს-მ სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ნაადრევი ან ბავშვთა ქორწინების სულ მცირე 261 შემთხვევა დაფიქსირდა. ომბუდსმენი სოციალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2018 წელს ასეთი მხოლოდ 115 შემთხვევა იყო აღრიცხული. თუმცა, ომბუდსმენის ინფორმაციით, 2019 წელს შესწავლის ხარისხი გაუმჯობესდა.

გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში ამბობს, რომ 18 წლამდე პირთან ქორწინების აკრძალვამ დადებითი გავლენა იქონია ბავშვთა ქორწინების შემთხვევათა შემცირებაზე. თუმცა ისევ ბევრია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა, რადგან დღემდე პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყების შემთხვევები.

ექსპერტი სამ კომპონენტს გამოყოფს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვთა ქორწინების შესამცირებლად. პირველი, ეს არის პრევენცია, მეორე – სათანადო რეაგირება, მესამე კი – ბავშვთა მხარდაჭერა და გაძლიერება.

ხატიაშვილის თქმით, პირველი რგოლი, რომელმაც არასრულწლოვანთა ფაქტობრივი თანაცხოვრება უნდა გამოავლინოს ან ხელი შეუშალოს მის დაწყებას, სკოლაა. სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სახელმწიფომ ბავშვთა ქორწინებას ებრძოლოს – ამ ბრძოლაში უდიდესი როლი ეკისრება განათლების სამინისტროს და სკოლას.

„პირველ რიგში, საჭიროა პრევენცია და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს კოორდინირებული პოლიტიკა, რომ იზრუნოს საზოგადოების დამოკიდებულებების ცვლილებაზე. საკმაოდ ხშირად, როდესაც ბავშვთა ქორწინების დროს იკვეთება დანაშაულის ნიშნები, საზოგადოება მხარს უჭერს არა ბავშვს, არამედ  მოძალადეს. ამას სჭირდება მუშაობა. მეორე მხრივ, სამუშაო არის  ბავშვთან და ბავშვების მშობლებთან.

მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება არსებობს, რომლის  მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია წელიწადში მინიმუმ ორჯერ ჩაატაროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვებთან, ერთ-ერთი საკითხი არის სწორედ ბავშვთა ქორწინების თემა. ასევე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაატაროს მსგავსი კამპანიები ბავშვების კანონიერ წარმომადგენლებთან, მშობლებთან. ანუ სკოლას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ხელი შეუწყოს ბავშვებში ინფორმირებულობის გაზრდას.

არცთუ ისე იშვიათად, ქორწინება ხდება თავად ბავშვის გაუაზრებელი თანხმობით. ბავშვებმა არ იციან არაფერი იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება ასეთ ასაკში ქორწინებას მოჰყვეს,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

რას ამბობს კანონი:

16 წლამდე ასაკის ბავშვთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია ქორწინების ასაკი. ქორწინება დასაშვებია მხოლოდ 18 წლიდან.

თამარ მანუჩარაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის მარნეულის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში ასწავლის ქართულს. თამარი ამბობს, რომ „მასწავლებელი საყრდენი უნდა იყოს ბავშვისთვის. ბავშვმა შენში უნდა დაინახოს, რომ საყრდენი ხარ და შეგიძლია დახმარება“.

ის ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი, რასაც მასწავლებელი ბავშვთან დაკავშირებით გააკეთებს, უნდა მოხდეს ბავშვის თანხმობით.

„ვფიქრობ, მასწავლებელმა იმაზე მეტი არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, რაც ევალება, რადგან სიტუაცია არ გააუარესოს. ბავშვი თუ წინააღმდეგია, მართლა ვერაფერს იზამ გარდა  იმისა, რომ საკუთარი ძალებით რაღაც სიტუაციამდე შეაჩერებ.

ბევრი ფაქტია, როცა მასწავლებელს ძალა არ ჰყოფნის. არადა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად მიუდგება მასწავლებელი ამ საკითხს: ცივი გონებით უნდა მიუდგეს – არც ბავშვი დააზიანოს და არც თემთან შეექმნას პრობლემა.

ცხადია, სკოლას აუცილებლად უნდა ეცნობოს აღნიშნული პრობლემა, რადგან სკოლაა პასუხისმგებელი. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი და ცუდი ფაქტი გვაქვს, რომელიც ფატალური შედეგით დამთავრდა არასრულწლოვნებში, როდესაც სკოლამ რეაგირება არ მოახდინა, მასწავლებელმა რეაგირება არ მოახდინა, ზოგადად, საქმის კურსშიც კი არ არიან ხოლმე მასწავლებლები.

ამიტომ მაქსიმალურად ახლო კონტაქტი გჭირდება მოსწავლესთან – თუმცა პირად სივრცეში არ უნდა შეიჭრა; არ უნდა იფიქროს მოსწავლემ, რომ შენ რაღაცას აიძულებ, რაღაცის მოყოლას სთხოვ. თვითონ უნდა გაუჩნდეს ამის სურვილი“, – ამბობს თამარ მანუჩარაშვილი.

გოგა ხატიაშვილი, ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში კი ამბობს, რომ პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების გარდა, ნაადრევი ქორწინების გამოვლენის ნაწილში „სერიოზულად მოიკოჭლებენ სახელმწიფო უწყებები“.

„გამოვლენის ნაწილი ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა – რიგ შემთხვევებში ქორწინების ისეთი ფაქტები გვაქვს, რომელიც დანაშაულს უკავშირდება, მაგრამ თვეების შემდეგ მიდიან ამ ინფორმაციით სამართალდამცავ უწყებებამდე.

აქაც სკოლას ეკისრება მნიშვნელოვანი როლი. სკოლამ უნდა გამოავლინოს [ნაადრევი ქორწინების] შემთხვევები: მათ აქვთ ვალდებულება, ეს  ინფორმაცია გადაამისამართონ, ერთი მხრივ, პოლიციასთან და მეორე მხრივ, სოციალურ მუშაკთან. სამწუხაროდ, სკოლა ხშირ შემთხვევებში პასიურია და სათანადოდ არ რეაგირებს გამოვლენილ შემთხვევებზე. მეორე მხრივ, ასევე უჭირს თავად შეძლოს პროაქტიულად ასეთი შემთხვევების გამოვლენა.

საკმაოდ  ხშირად, როდესაც ბავშვი რთულ მდგომარეობაშია, ერთ-ერთი პირველი, ვისაც მიმართავს დასახმარებლად, არის მასწავლებელი. მასწავლებლის მხარდაჭერა, რომ ეს შემთხვევა გადაამისამართოს შესაბამის უწყებასთან, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც ძალიან პრობლემურია,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

მისივე თქმით, პროცესში მნიშვნელოვანია პოლიციის როლი. თუნდაც უბნის ინსპექტორების დონეზეა შესაძლებელი ნაადრევი ქორწინების გამოვლენა. პოლიცია არ უნდა ელოდოს, როდის მიიღებს შეტყობინებას.

„მაგალითად, როდესაც საუბარია სრულწლოვანი პირის დაქორწინებაზე 15 წლის გოგონასთან, ეს დანაშაულია – 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია. საკმაოდ ხშირად, როდესაც გოგონა ფეხმძიმდება, ცხრა თვე ისე გადის, ამ ბავშვს ვერავინ ამჩნევს: ვერც სკოლა, ვერც მეზობლები და საზოგადოება, ვერც ადგილობრივი პოლიცია. როდესაც გოგონა მშობიარობს, ხშირ შემთხვევაში სწორედ სამედიცინო დაწესებულება აწვდის ინფორმაციას პოლიციას. როდესაც ბევრად  ადრე იყო შესაძლებელი ამ შემთხვევის გამოვლენა. ძალიან ხშირად ადამიანები არიან იმ პოზიციაში, რომ ელოდებიან ოფიციალურ შეტყობინებას. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ არის არ შემჩნევის და ვერ შემჩნევის შემთხვევები,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

საჭიროა თუ არა კანონმდებლობის გამკაცრება?  – ამ კითხვაზე საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს გამოსავალი არ არის.

„კანონმდებლობის გამკაცრება არ გვაძლევს შედეგს – 14 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირი ყოველთვის იყო სისხლის სამართლის დანაშაული.

მთავარია, დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია ახალგაზრდებს იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინება იწვევს ძალიან ბევრ სოციალურ პრობლემას, ბავშვთა სიღარიბეს, ოჯახების სიღარიბეს. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, ამიტომ რეალური პრობლემის გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს სასჯელების გამკაცრება.

რეალური პრობლემა არის იქ, სადაც ეკლესია განათლების სისტემას ეუბნება, რომ რაღაც საგნები, მაგალითად, სამოქალაქო განათლება და ა.შ. იმიტომ არ უნდა ისწავლებოდეს, რომ ბავშვებს რყვნის. პირიქით, გარყვნილება არის არასრულწლოვანი ბავშვების ქორწინების ხელშეწყობა. როდესაც ღირებულებები მთლიანად ამოყირავებულია და ცნებებს თავისი არსი აქვს დაკარგული, მაშინ სასჯელის გამკაცრება არაფერს შველის.

როდესაც 18 წლამდე ბიჭს მოჰყავს 16 წლის გოგო და ამ არასრულწლოვნებს ერთმანეთი უყვართ თავიანთი გაგებით, ამ დროს ადამიანის ციხეში ჩასმა არ არის გამოსავალი.

სასჯელს აქვს პრევენციული ხასიათი, თორემ ფაქტი რომ დადგება, მაშინ სოციალური სამსახურის როლი უნდა გაიზარდოს. მინიმუმ სოციალური სამსახურის მხარდაჭერა შეიძლება არსებობდეს.  სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა და არასრულწლოვნებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ, სქესობრივი განათლების შესახებ თუნდაც,“ – ამბობს თამარ კორძაია.

გოგა ხატიაშვილის თქმით, ხშირად, როდესაც ბავშვთან ქორწინება უკავშირდება დანაშაულს, რიგ შემთხვევებში პოლიციას აქვს წინასწარი განწყობები – თითქოს ამ ადამიანებმა შექმნეს ოჯახი და საჭირო აღარ არის რაიმე ტიპის ჩარევა.

„განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, როდესაც გოგონებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთენ და ქორწინებას აიძულებენ. პოლიციაც, სოციალური სამსახურიც და განათლების სამინისტროც, უნდა მუშაობდეს კოორდინირებულად. მხოლოდ პოლიციის ტვირთი არ არის ასეთი საქმეების გამოვლენა ან სათანადო რეაგირება.

საჭიროა კოორდინაცია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კოორდინაცია ირღვევა და ძალიან დეფიციტურია. განსაკუთრებით პოლიციას და სოციალურ სამსახურს შორის. ეს ყველაფერი ჯაჭვივითაა ერთმანეთზე მიბმული. როცა ერთი რგოლი სათანადოდ არ მუშაობს, ხშირად კრახს განიცდის მთელი სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვების დაცვაზე,“ – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

მასალა მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: