მთავარი,სიახლეები

ინდოელი სტუდენტის ცხოვრება ბათუმში 

26.11.2021
ინდოელი სტუდენტის ცხოვრება ბათუმში 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 589 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. სოჰაილ მოჰამმედი ერთ-ერთი მათგანია. იგი ბსუ-ში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს და უკვე ოთხი წელია, რაც ბათუმში ცხოვრობს. 

„თავიდან ძალიან რთული იყო, ვერავინ იგებდა, რა გვინდოდა მე და ჩემ მეგობრებს, რისი ყიდვა გვინდოდა მაღაზიაში შესულებს, რომელ ქუჩას ვეძებდით…

უნივერსიტეტშიც გვიჭირდა კომუნიკაციის დამყარება, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლეთ ქართული ენა და გაგვიმარტივდა კონტაქტის დამყარება ქართველებთან“, – გვიყვება 23 წლის სოჰაილი. 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, საშუალოდ რა უჯდებათ ინდოელ სტუდენტებს ბათუმში ცხოვრება. 

„250 – 300 დოლარი მაინც  გვჭირდება ბათუმში ერთი თვით საცხოვრებლად. მე მაკლერად დავიწყე მუშაობა, რადგან ოთხი ენა ვიცი: არაბული, ჰინდი, ინგლისური და ქართული“, – გვითხრა სოჰაილმა. 

სოჰაილი ახლა ორ ინდოელ მეგობართან ერთად ცხოვრობს ბათუმში, რათა ქირისა და კომუნალური გადასახადების გაყოფით ხარჯები შეამციროს. 

„ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მიყვარს სხვადასხვა ტრადიციის გაცნობა, სხვადასხვა ქვეყნის ადამიანებთან საუბარი. ძალიან მიყვარს სტუმრების მიღება, მათთან საუბარი და ერთად ჭამა“, – ამბობს სოჰაილი. 

სოჰაილი მეგობრებთან ერთად

სოჰაილი მუსლიმია და დღესასწაულებს ქართველ მუსლიმ მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. ამბობს, რომ მოგზაურობაც ძალიან უყვარს:

„ხულოში ვიყავი, რამდენიმე სოფელი ვნახე, ულამაზესია ყველაფერი. ძალიან თბილად დამხვდნენ ყველგან, სადაც მივედი. 

კარგი და ცუდი ადამიანები ყველგან არიან. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა, აქ კარგი გულის ადამიანები ცხოვრობენ“, – გვითხრა სოჰაილმა. 

იგი ამბობს, რომ დიდ დროს უთმობს მეცადინეობას, თავისუფალ დროს კი მოგზაურობს და ბათუმის ქუჩებში სეირნობს. მისი საყვარელი ადგილი ბათუმში ქუთაისის ქუჩა. ცდილობს ნახოს ისეთი ადგილები, რომლებიც ჯერ არ უნახავს ქალაქში. 

კვირაში რამდენჯერმე სოჰაილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დადის პრაქტიკული ნაწილის შესასწავლად. როგორც თვითონ ამბობს, ერთი სული აქვს საავადმყოფოში მივიდეს და პაციენტებს შეხვდეს. 

სოჰაილის ჰობი ფოტოების გადაღებაა. სადაც წავა, ცდილობს ყველგან თან  ჰქონდეს ფოტო კამერა, ძირითადად სახლებსა და ყვავილებს იღებს. ასევე, ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და ხშირად თამაშობს ქართველ და ინდოელ მეგობრებთან ერთად. 

სოჰაილი

სოჰაილი ამბობს, რომ მასთან  სტუმრად მისულ ქართველ მეგობრებს ყოველთვის უმზადებს ინდურ კერძებს: ბირიანის [ბრინჯისგან დამზადებული კერძი სხვადასხვა სანელებლით, ხორცით ან ბოსტნეულით], პულაოს [ფლავის მსგავსი კერძი], კორმას [კერძი ხორცითა და ბოსტნეულით] და ა.შ. 

სოჰაილი ამბობს, რომ ქართული სამზარეულოც ძალიან მოსწონს: 

„ძალიან მიყვარს ბორანო, აჩმა, ხაჭაპური. 

ქართული კერძების მოსამზადებლად იუთუბზე ვუყურებთ ვიდეოებს თუ როგორ კეთდება, სახლშიც რომ გავაკეთოთ. თუ მოგვინდება ჩვენი ტრადიციული კერძების მომზადება, არც ეგ არ არის პრობლემა, რადგან ბათუმში რამდენიმე მაღაზიაში შესაძლებელია ინდური სანელებლების ყიდვა“. 

სოჰაილი რამდენჯერმე ყოფილა ქართულ ქორწილშიც. „ყველაზე მეტად საჭმელი მომეწონა, რადგან ეს საჭმელი ყველგან არ აქვთ. ერთად შეკრება მომეწონა, თამაში, ხუმრობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ქართველი მეგობრის ქორწილში წასვლა”, – გვითხრა სოჰაილმა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: