მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ინსპექტორი ციხის მედპერსონალის გარემოცვაში სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე 

06.11.2021
სახელმწიფო ინსპექტორი ციხის მედპერსონალის გარემოცვაში სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე 

პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდოდ ციხის ექიმის კაბინეტში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს. პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების კანონიერებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ უწყება ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა.

ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

___

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იმართება მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 37 დღეა შიმშილობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: