მთავარი,სიახლეები

„100 000 გადამახდევინეს, მაგრამ ბათუმში ბინას არ მიფორმებენ“ – რას ჰყვებიან უცხოელები 

06.11.2021 • 12569
„100 000 გადამახდევინეს, მაგრამ ბათუმში ბინას არ მიფორმებენ“ – რას ჰყვებიან უცხოელები 

აზერბაიჯანელ ინჟინერს – ბახდიარ გუსეინოვს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ მეჰდიზადე გულარს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დანაზოგის შეგროვებისთანავე საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენდნენ.

ბახდიარმა ახალი ბინის შერჩევა მეუღლესთან ერთად დიდი სიფრთხილით დაიწყო და, საბოლოოდ არჩევანი ბათუმზე შეაჩერა, კონკრეტულად კი კომპანია “ეიჩ გრუპზე”:

ეს კომპანია ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყო, რადგან აქამდე იგი სახელმწიფო დაკვეთით აშენებდა. ჩვენ მათი გვჯეროდა, თუმცა მოგვატყუეს.” 

ბახდიარმა კონტრაქტით გაწერილ ვადებში – 2019 წლის ბოლოს 51 კვადრატულ მეტრი ბინის საკუთრებაში მიღება  ვერ შეძლო. მან “ბათუმელებს” წარუდგინა ხელშეკრულება და გადახდის ქვითრები, საიდანაც მისი მონათხრობი დასტურდება.

მეტიც, მას კომპანიის დირექტორი, როგორც “გამყიდველი მხარე”, შესყიდული უძრავი ქონების მის სახელზე გაფორმების უფლებას არ აძლევს.

ამის გამო, ბახდიარის მიერ დაბანდებული 100 000 ლარი სახელმწიფო უწყებებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, ბინადრობის უფლების მიღებაც არ შეუძლია:

აზერბაიჯანელებზე ასეთი კანონი ვრცელდება საქართველოში: ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ აქ დარჩენა, ბინადრობის უფლების მიღებამდე, 1 წლის განმავლობაში შეგვიძლია.”

ბახდიარის და მისი მეუღლის საქართველოში ჩამოსვლიდან 1 წელი რამდენიმე კვირაში იწურება და კანონი რომ არ დაარღვიოს, იგი იძულებულია, ქვეყანა მალე დატოვოს. შესაბამისად, კიდევ უფრო ეწურება იმედი, რომ შეძლებს ბინის საკუთრებაში რეგისტრაციას.

ხელშეკრულების თანახმად, ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, ჟიული შარტავს  7 ნომერში მდებარე კორპუსში  ბახდიარს 51 კვადრატული მეტრი ბინის „შავი კარკასი“ 2019 წლის ბოლოსთვის უნდა ჩაჰბარებოდა, თუმცა ბახდიარის თანახმად, რაც ადგილზე გადამოწმებითაც დასტურდება, კორპუსი საექსპლუატაციო პირობებამდე მიყვანილი ჯერაც არ არის:

ასე გამოიყურება ბინა, რომელშიც ბახტიარმა და მისმა მეუღლემ 100 ათასი ლარი გადაიხადეს და 2019 წელს უნდა ჩაჰბარებოდათ. ისინი ამბობენ, რომ კომპანია მათ თანხის სრულად დაფარვის მიუხედავად ბინას არ უფორმებს.

აქ სამი ლიფტიდან არცერთის გამოყენება არ არის შესაძლებელი.

საკეტები მორყეულია, კიბეები მოსაპირკეთებელი, მოაჯირები და შუქი მხოლოდ მესამე სართულამდეა, სარდაფში წყლის გუბეები დგას, სადარბაზოს უჯრედებში სამშენებლო მასალა აწყვია…

ბახდიარის თანახმად, კორპუსში გადაადგილება უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით, შებინდებისას.

იგივე ვითარებაა ბინაში, რომელშიც ბახდიარს 100 000 ლარი აქვს გადახდილი:

მხოლოდ ცარიელი კედლები და მეტალოპლასტმასის კონსტრუქციებია შუშების გარეშე.

“მე ხომ ყველაფრისთვის გადავიხადე. სად არის ფანჯრები?” – გულდაწყვეტით კითხულობს ბახდიარი.

მისი თქმით, აქ ორი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

კომპანიამ ბახდიარს განუცხადა, რომ სამშენებლო მასალების მის ბინაში ასატანად კიდევ 1250 დოლარის დამატებაა საჭირო.

ეს პუნქტი კონტრაქტით გათვალისწინებული არ ყოფილა”, – აღნიშნავს გუსეინოვი “ბათუმელებთან.”

რუსუდანთან დაკავშირება შეუძლებელია. თუ დარეკავთ მენეჯერთან, გიპასუხებთ, რომ ყველაფერი რიგზეა, მშენებლობა კი უბრალოდ პანდემიის გამო შეჩერდა”, – აცხადებს “ეიჩ გრუპის” კიდევ ერთი კლიენტი – იგორ აგაფონოვი, რომელიც ასევე მოტყუებულად გრძნობს თავს. რუსუდანი [ბერიძე] ამ კომპანიის დირექტორია.

იგორ აგაფანოვი რუსეთის მოქალაქეა. ის, როგორც ბახდიარ გუსეინოვს, ამბობენ, რომ სხვებიც, მათი მომავალი მეზობელი, ვინც ამ კორპუსში შეიძინა ბინა, იგივე მდგომარეობაში არიან – მოტყუებულად გრძნობენ თავს. მათი უმრავლესობა უცხოელია.

ბათუმის ზღვისპირა ზოლში, ჟიული შარტავას #7-ში ბინების მომავალ მესაკუთრეებს რუსუდან ბერიძესთან კომუნიკაციაზე უფრო ის აწუხებთ, რომ მათი ბინები კონტრაქტით გაწერილ ვადებში ვერ დასრულდა. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ვერც ბინა გაიფორმონ საკუთრებაში და ვერც გადახდილი თანხა – ათობით ათასი ლარი დაიბრუნონ.

მათ პირველი სართული შეალამაზეს და მიმღები სივრცე მოაწყეს. ყოველი მისვლისას გვაჩვენებენ და გვეუბნებიან: “შეხედეთ, ყველაფერი კარგად მიდის.” როგორც კი მაღლა ადიხარ, სრული ქაოსი და არეულობა გხვდება”, – ამბობს აგაფონოვი.

აგაფონოვმა დაიქირავა იურისტები, რომელთა განცხადებებსაც მშენებლები არ იღებენ, საჯარო უწყებები კი პასუხებს არ იძლევიან. კომპანიამ ფული აიღო და ახლა აღარ აინტერესებს, როგორ გაგრძელდება სიტუაცია. რუსეთიდან ვრეკავდი ორი წელი, პერსონალი ხშირად უხეშად მესაუბრებოდა”, – ჰყვება იგორ აგაფონოვი.

მისი თქმით, იგი აპირებს მიმართოს სასამართლოს და შეიტანოს განცხადება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში.

რუსუდანის ინსტაგრამს თუ გადახედავთ, ის საკმაოდ კარგ დროს ატარებს პარიზში და .. ჩაფხუტით რომ იდგეს და მშენებლობაში იღებდეს მონაწილეობას, ხელებს დავუკოცნიდი. გამოდის, რომ ის ერთობა და ჩვენი პრობლემები სულაც არ აინტერესებს”, – გვიამბობს იგორ აგაფონოვი.

„ბათუმელებმა“ საკუთარი კლიენტების პრეტენზიებზე რუსუდან ბერიძის პოზიციაც მოისმინა. კომპანიის დირექტორი კლიენტების პრეტენზიებს არ იზიარებს. მისი თქმით, 37-სართულიან კორპუსში შესასვლელები მოწესრიგდა, ერთი ლიფტი მალე ჩაირთვება ერთერთ სადარბაზოში, ორი დაიხურა უსაფრთხოების მიზნით. რემონტი მიმდინარეობს, პროცესი აღწევს მეხუთე სართულამდე და შემდეგ განახლდება მაღლიდან. სადარბაზოებში მოსაპირკეთებელი იყო იატაკი, ამაზე ახლა მუშაობენ.”

ამბობს, რომ პანდემიის გამო მშენებლობა ერთი წლით შეჩერდა, ახლა კი სამუშაო პროცესი განახლდა და ბინებში ფანჯრებიც მალევე ჩაისმება.

ბერიძე  “ბათუმელებთან” იმაზეც საუბრობს, რომ კომპანიას პროექტში ცვლილების შეტანა სურს, რის შესახებაც განცხადება მერიაში უკვე შეტანილია.

ამ მიზეზით, მათ არ შეუძლიათ ბინები მომხმარებლებს გადასცენ მფლობელობაში:

ახლა რომ ბინები გადავუფორმოთ, შემდგომში მათი თანხმობა გახდება საჭირო ცვლილებებისთვის. მათ შეიძლება ეს ბინები გაყიდონ ან ხელის მოწერის მომენტისთვის ადგილზე არ იყვნენ, ბევრი უცხოელია.”

კომპანიისგან დაზარალებული სხვა მყიდველებიც “ეიჩ გრუპისგან” პასუხს ითხოვენ, თუმცა უკვე ორი წელია 31 დეკემბერი ინიშნება ბინების გადაცემის საბოლოო ვადად. ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ დაზარალებულები არიან, მერიაში განაცხადი რამდენჯერმე შეიტანეს სახელმწიფოსგან დახმარების მიღების იმედით.

ტელევიზორშიც მინახავს და ინტერნეტშიც ამომიკითხავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უცხოელი მოქალაქეების პრობლემებს ითვალისწინებს და მათ აღმოსაფხვრელად ზომებს მიიღებს, – აღნიშნავს ბახდიარი.

საჯარო უწყებისაგან ხელშეწყობის მოპოვებას ისინი დღემდე  ვერ ახერხებენ. რამდენიმე უცხოელმა, რომლებმაც ამ კორპუსში იყიდეს ბინები, საქართველო უკვე დატოვეს. ისინი ბინის ჩაბარებას ამჯერად ამა წლის 31 დეკემბრამდე ელოდებიან.

საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანია “ეიჩ გრუპი” 2016 წელს ჯონი ბაკურიძეს [80%] და ზურაბ ველიაძეს [20] დაუფუძნებიათ. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიას შვიდი მფლობელი ჰყავს – ზურაბ ველიაძეს ისევ 20% ეკუთვნის. 15-15 პროცენტს ფლობენ რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები – ვადიმ კორსუნსკი, მარინა ილჩენკო, მაგომედ ჩაბიევი. ამ კომპანიაში წილებს საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ფლობს – ამირან ფაღავა [5%], ავთანდილ ბაკურიძე [15%], მამუკა ჯაფარიძე [15%].

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია ეიზ გრუპი შარტავას ქუჩაზე 3 7652 კვადრატული მეტრი საერალიზაციო ფართობს ფლობს.

ბათუმი, ჟიულ შარტავას #7-ში მშენებარე კორპუსი

___

მთავარი ფოტო: ბახდიარ გუსეინოვი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: