მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ თბილისში დღეს აქციას მართავს

27.10.2021 • 819
„ოცნება“ თბილისში დღეს აქციას მართავს

დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ აქციას მართავს.

„ოცნების“ აქცია დაანონსდა მას შემდეგ, რაც თბილისში 14 ოქტომბერს გაიმართა ხალხმრავალი აქცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს არის არა კონტრაქცია, არამედ აქცია „მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.

„27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მიზანი არის შემდეგი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ და ჩვენი ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო. ვიცი, რომ ყველას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს სჯერა, რომ ამ არჩევნებს, მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება და ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ დიდი, მშვიდობიანი აქცია.

ეს არ არის საპროტესტო აქცია. გავიგე, რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 დღის წინ.

აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე დაიწყება.

_____________

ფოტოზე: მარჯანიშვილის გადაკეტილი მოედანი თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: