მთავარი,სიახლეები

ყალბი კოვიდპასპორტი 70 ევროდ – 1 პირი დააკავეს, 8 კი ამხილეს

26.10.2021 • 2342
ყალბი კოვიდპასპორტი 70 ევროდ – 1 პირი დააკავეს, 8 კი ამხილეს

ქალაქ თბილისსა და იმერეთის რეგიონში ყალბი კოვიდპასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტების 2 ფაქტი გამოავლინეს, რის გამოც პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის, ერთი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ყალბი ე.წ. კოვიდპასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდპასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა“ – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

იმერეთის რეგიონში კი ამხილეს რვა პირი, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: