მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არ არის მზად მოშიმშილე სააკაშვილის მისაღებად მე-18 დაწესებულება – ექიმის შეფასება

25.10.2021 • 1488
რატომ არ არის მზად მოშიმშილე სააკაშვილის მისაღებად მე-18 დაწესებულება – ექიმის შეფასება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა საპატიმროში დამძიმებულია, სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზების საკითხი, რადგან ციხის სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს მულტიპროფილური კლინიკის კრიტერიუმებს, რის საჭიროებაზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა უშუალოდ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც N18 დაწესებულებაში შეუძლებელია.

მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმი-რეანიმატოლოგი და მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი ამ გარემოებას განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევს.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება, მაგნიტო-რეზონანსული კვლევის აპარატურა სამედიცინო დაწესებულებისთვის, სადაც შესაძლოა კრიტიკული პაციენტის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მართვა გახდეს საჭირო?

ეს აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული პაციენტის მართვისთვის, ოღონდ მე ყურადღებას გავამახვილებდი იქ რეანიმატოლოგის არარსებობაზე, რაზეც მიუთითებს სახალხო დამცველი. დაწესებულებაში არ არის კრიტიკული მედიცინის ექიმი, არ არის ინტენსიური მედიცინის ექიმი, რაც, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა, ეს უფრო პრობლემურად მიმაჩნია.

გარდა იმისა, რაც დასკვნაში წერია, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუნდაც ლაბორატორიულ უზრუნველყოფასთან მიმართებაში, როცა ერთი საათი სჭირდება ამ კვლევებს… კი, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, დოპლერ სკანირება – ეს მნიშვნელოვანია, ვერ ვიტყვი, რომ პირველი რიგის არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ბევრად უფრო დიდი პრობლემაა რეანიმატოლოგის არარსებობა და ადეკვატური ლაბორატორიული უზრუნველყოფის არარსებობა იმ დაწესებულებაში.

შეიძლება საჭირო გახდეს ეს აღჭურვილობა, ასეთ დროს ყველა აღჭურვილობაზე ასეა, მაგის გარანტია არ არსებობს, რომ არ გახდება საჭირო, აქ რისკებზეა ლაპარაკი. მთავარი პრობლემა მაქ არის ის, რომ რეანიმატოლოგი არ ჰყავთ და ეყოლებათ თუ არა არ იციან.

  • სახალხო დამცველთან საუბრისას ადმინისტრაციამ თქვა, რომ დაწესებულებაში რეანიმატოლოგს მოიყვანენ…

როცა მოიყვანენ და იქნება, მერე ვილაპარაკოთ. ძალიან სახიფათოა, როცა ციხის საავადმყოფოში ამ პროფესიის ექიმი არ არის ამდენი ხნის განმავლობაში, მოიყვანონ და ვნახოთ, 24/7-ზე თუ იქნება შესაბამისი პროფესიული კადრი ადგილზე, ეს ცვლის ვითარებას.

  •  თალასემიის დიაგნოზის მქონე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც შიმშილობს 25-ე დღეა, რამდენად შესაძლოა ამჟამად ისე დამძიმდეს, რომ კრიტიკული გახდეს და დადგეს მულტიპროფილური სამედიცინო ჩარევის საჭიროება?

სრულიად ლოგიკურია თითქმის ერთთვიანი შიმშილობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს და კრიტიკულიც გახდეს. ამაში ნამდვილად არსებობს სამედიცინო ლოგიკა.

  • როცა სამედიცინო დაწესებულებაში შედის პაციენტი, რომლის მართვა ვერ ხერხდება ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების არ ქონის გამო, რა არის ექიმის პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მოიქცეს ის?

ყველა გზა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება, იქნება ეს დახმარება ადგილზე, სხვაგან გადაყვანით თუ გამოძახებით.

  • რეალურად რა მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორს კრიტიკული პაციენტის მართვისას?

კრიტიკულ მდგომარეობაში დროის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ადგილზე იყოს სრული აღჭურვილობა, აუცილებელია, რომ პირველადი დახმარება და დიაგნოსტიკის საშუალებები გვქონდეს და მერე, თუ იქნება გადაყვანა საჭირო, შესაბამისად გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: