მთავარი,სიახლეები

შევნიშნეთ ხარვეზები: მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება – ელჩი ჰარცელი არჩევნებზე

21.10.2021
შევნიშნეთ ხარვეზები: მოსყიდვა, ზეწოლა, დაშინება – ელჩი ჰარცელი არჩევნებზე

დღეს, 21 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმის პორტში იმყოფებოდა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა კომენტარი და ისაუბრა არჩევნებზეც. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო დარღვევები. „შევნიშნეთ ხარვეზები, როგორიც იყო დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა და არათანაბარი საასპარეზო პირობები“, – განაცხადა ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, ოდირის მისია ისევ საქართველოშია და დააკვირდება არჩევნების მეორე რაუნდს და მეორე ტურამდე საარჩევნო გარემოსაც.

„იმედი გვაქვს, დავინახავთ გაუმჯობესებულ გარემოს. პირველ რაუნდამდე ბევრი კარგი რამე დავინახეთ, ის, რაც შეეხებოდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას. იმედი გვაქვს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე იქნება დამყარებული მეორე რაუნდიც. იმედი გვაქვს, რომ ყველა ხარვეზი გამოსწორდება მეორე რაუნდში“, – ამბობს ჰარცელი.

ერთ-ერთი შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსაც შეეხო, ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით, თუმცა ევროკავშირის ელჩმა კონკრეტული შეფასება არ გააკეთა ამ საკითხზე. მან დასძინა, რომ ის ევროპარლამენტარები, ვინც განცხადება გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან.

რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობას, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ეს პროცესი უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, გამჭვირვალედ. „ჩვენ ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიც არის სახალხო დამცველი. მთავარია, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის პატიმრობის პირობები, დაცული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს“, – ამბობს ჰარცელი.

ევროკავშირის ელჩმა დღეს ასევე მოინახულა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსი, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: