მთავარი,სიახლეები

ოსმანთუსის ყვავილობა ბათუმში – სურნელი, რომელიც ქუჩაში შეგაჩერებთ

19.10.2021 • 5144
ოსმანთუსის ყვავილობა ბათუმში – სურნელი, რომელიც ქუჩაში შეგაჩერებთ

შემოდგომაზე ბათუმში რამდენიმე ადგილას მოტკბო, თავბრუდამხვევი სურნელი შეგაჩერებთ. შესაძლოა, უცებ ვერც მიხვდეთ საიდან მოდის ეს არომატი, მაგრამ თუ დააკვირდებით, მარადმწვანე ხეს შენიშნავთ, პატარა, თეთრი ყვავილებით. ეს სურნელი სწორედ ამ ყვავილებს აქვს.

ეს ოსმანთუსია, უფრო ზუსტად – სურნელოვანი ოსმანთუსი – Osmanthus fragrans Lour, რომლის სამშობლოც აღმოსავლეთ აზიაა – ჩინეთი, ჰიმალაისა და სამხრეთ იაპონიის სუბტროპიკული ტყეები.

ოსმანთუსის ყვავილობა. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ოსმანთუსის ყვავილობა. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ოსმანთუსი ბათუმში საუკუნეზე მეტია ხარობს. ცნობილია მისი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შემოტანის თარიღიც – 1900 წელი.

ნანა აბაშიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის განყოფილების კურატორი ამბობს, რომ  ბოტანიკურ ბაღში დღესაც ნახავთ ოსმანთუსებს, რომელთა ასაკი ას წელზე მეტია.

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ამ მცენარის 5 სახეობაა, მათგან ოთხი შემოტანილია, ხოლო ერთი ადგილობრივი, ენდემური წარმოშობისაა – წყავმაზა – osmanthus decorus.

რაც შეეხება სურნელოვან ოსმანთუსს, ეს მარადმწვანე მცენარეა, დაახლოებით 6 მეტრი სიმაღლის, რომელიც ყვავილობს აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით და ასევე, იანვარ-თებერვალში.

ხეს აქვს თეთრი და ყვითელი ყვავილები, არაჩვეულებრივი არომატით. ბოტანიკურ ბაღში ყველა მნახველი ინტერესდება, კითხულობენ – „რისი სუნია?“ ეს გახლავთ სურნელოვანი ოსმანთუსი, ეს ნაზი ყვავილები განაპირობებენ ამ არაჩვეულებრივ სურნელს.

მისი სურნელი მოგვაგონებს მაგნოლიისა და ჟასმინის ნაზავის სურნელს. 

არის ამ მცენარის სხვა სახეობებიც, მაგრამ ყველაზე ტკბილი არომატი სურნელოვან ოსმანთუსს აქვს.

თითქმის ყველა ოსმანთუსი გამოიყენება პარფიუმერიაში, მათ შორის, როგორც კანის მოვლის საშუალებაც.

ყვავილში შემავალი ეთერზეთები გამოიყენება კულინარიაშიც, სხვადასხვა ტკბილეულის მოსამზადებლად, მწვანე და შავი ჩაის არომატიზატორად.

ჩინურ მედიცინაში ათას წელზე მეტია გამოიყენება ოსმანთუსის ეთერზეთი და მიიჩნევა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას.

ასე, რომ მრავალმხრივი გამოყენება აქვს ამ მცენარეს, გარდა იმისა, რომ ყვავილობის პერიოდში გვატკბობს თავისი არაჩვეულებრივი სურნელით,“ – ამბობს ნანა აბაშიძე.

ჩინეთში არის ქალაქი, სახელად გუილინი, რომლის სახელწოდებაც ითარგმნება, როგორც სურნელოვანი ოსმანთუსის ტყე. ამ ქალაქის მახლობლად ოსმანთუსის ტყეებია და ამ გარემოებისა და ლანდშაფტის გამო ქალაქი ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია ჩინეთში.

ქალაქი გუილინი. ფოტო: ვიკიპედია

სურნელოვანი ოსმანთუსი ჩინეთში უკავშირდება მთვარის ფესტივალსაც, რომელიც შემოდგომაზე, ოსმანთუსის ყვავილობისას აღინიშნება. ამ დროს ჩინელები მთვარის ნამცხვარს ამზადებენ, რომლის გულსართად ოსმანთუსის ყვავილების ჟელესაც იყენებენ.

ჩინური მთვარის ფესტივალზე სამხრეთ ჩინეთში სვამენ ბრინჯის ალკოჰოლურ სასმელს, ბაიჯიუს, რომლის მოსამზადებლადაც ასევე გამოიყენება სურნელოვანი ოსმანთუსის ყვავილები.

„სურნელოვანი ოსმანთუსი ერთგულების და სიყვარულის სიმბოლოა“ – ამბობს ნანა აბაშიძე, – „თავის სამშობლოში მას ბევრი ლეგენდა და ტრადიცია უკავშირდება და პოეტების მუზადაც მიიჩნევა. იტალიელი პოეტი, ვიტორიო სერენი, თავის პოეზიაში ხშირად მოიხსენიებს ოსმანთუსს“.

აჭარაში ოსმანთუსი კარგად ხარობს, რისი მთავარი მიზეზიც სუბტროპიკული კლიმატია.

„სითბოს მოყვარულია, უყვარს მზიანი ადგილი, კარგად დრენირებულ, ოდნავ მომჟავო ან ტუტე ნიადაგში მშვენივრად გრძნობს თავს. ჩვენს პირობებში ხშირი მორწყვა არ სჭირდება, რადგან საკმაოდ უხვი ნალექი გვაქვს, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში ხშირად რწყავენ ხოლმე უკეთესი ზრდა-განვითარებისათვის. მრავლდება კალმით, თუმცა ნელი ზრდით გამოირჩევა,“ – ამბობს ნანა აბაშიძე.

ოსმანთუსის ყვავილობა. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ოსმანთუსის ყვავილობა. ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

გადაბეჭდვის წესი