„დაკავებული არავინაა. გადაყვანილია რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზე“ – უთხრა ბათუმში მყოფმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მივიდა.

ვახტან გომელაურმა არ გამორიცხა, რომ კორპუსი შესაძლოა უკანონო მშენებლობის გავლენით დაინგრა. „240-ე მუხლის მეორე ნაწილი სწორედ მაგას ითვალისწინებს“, – განაცხადა გომელაურმა, როცა გამოძიების დაწყებაზე საუბრობდა.

სხვადასხვა ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად,  240-ე მუხლი ეხება „სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას“. მეორე ნაწილი ითვალისწინებს სასჯელს „შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.

მინისტრის თქმით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის, სავარაუდოდ, 2 ბავშვია.

____

დღეს ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის ერთ სადარბაზო ჩამოიშალა. ამ დროისთვის ნაგრევებიდან არც ერთი ადამიანი არ არის გამოყვანილი. მაშველების თქმით, მათთან კონტაქტზე ორი ადამიანი გამოვიდა.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version