მთავარი,სიახლეები

„მე ვარ პედაგოგი, ჩემი ვალია ვიყო აცრილი“ – ონკოპაციენტი ვაქცინასა და კოვიდზე

19.08.2021 • 4769
„მე ვარ პედაგოგი, ჩემი ვალია ვიყო აცრილი“ – ონკოპაციენტი ვაქცინასა და კოვიდზე

46 წლის მაია კილაძემ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 5 აგვისტოს გაიკეთა. ახლა მეორე დოზის მოლოდინშია. მაია ონკოლოგიური პაციენტია. ისევე როგორც ასობით ადამიანს, პირველ ეტაპზე მასაც ჰქონდა კითხვები ვაქცინასთან დაკავშირებით, თუმცა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და აიცრა.

„ჩემს ექიმს კითხვა ასე დავუსვი – საჭიროა თუ არა, რომ გავიკეთო? საჭირო კი არა აუცილებელიაო, მითხრა. აღარ დავფიქრებულვარ მერე,“ – იხსენებს მაია.

მაიას მასტოქტომია აქვს გაკეთებული. ხუთი წილის განმავლობაში იღებდა ჰორმონალურ პრეპარატებს. სწორედ ამან განაპირობა მისი კითხვები – იყო თუ არა შესაძლებელი მისი, როგორც ონკოპაციენტის აცრა. მაია ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთებისთვის ორი მოტივი ჰქონდა – საკუთარი თავის დაცვა და იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც უყვარს და მისთვის ძვირფასია. ახლა მაიას ოჯახის ყველა წევრი ვაქცინირებულია.

„აცრის მერე კარგად ვიყავი. თავი მტკიოდა გამუდმებით და ციტრამონს ვსვამდი სულ. რაც აცრა გავიკეთე, თავი აღარ მტკენია. ჩემს მეუღლეს ვეუბნები ხოლმე ხუმრობით, მე მგონი აცრამ გამომაჯანმრთელა-მეთქი“, – ხუმრობს მაია.

მაია სოფელში ცხოვრობს. ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთებამდე მაქსიმალურად იცავდა წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის დასაწყისში გარე სივრცეში პირბადის ტარების რეგულაცია მოიხსნა, ქალაქში წამოსვლისას მას მაინც ეკეთა. ერიდებოდა დიდ თავყრილობებს და ცდილობდა ზედმიწევნით დაეცვა წესები.

„პანაშვიდებზეც არ ვყოფილვარ. ყველას ვეხმიანებოდი და ბოდიშს ვუხდიდი – ონკოპაციენტი ვარ, რისკჯგუფში ვარ, ბოდიში. „მარშუტკაში“ პირბადე არასდროს არ მომიხსნია. ქორწილებში წასვლაზეც თავს ვიკავებდი,“ – იხსენებს მაია.

გარდა იმისა, რომ თავად აიცრა, ცდილობს სხვა ადამიანებს დაეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში და ურჩევს აიცრან. გაწევრიანებულია სიმსივნით დაავადებული ქალების ჯგუფებში. ამბობს, რომ როგორც კი რომელიმე ონკოპაციენტი ქალი ჯგუფში ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვას დასვამს, მათ სწერს და აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრება, საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

„ვეუბნები, რომ არ შეეშინდეთ. რჩევას ვაძლევ. საახლობლოში ვინც მყავს, ყველას ვეუბნები – აიცერით. როგორც ვიცი, მხოლოდ იმ ონკოპაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ, არ არის აცრა რეკომენდებული. სხვა ონკოპაციენტებისთვის კი ნებადართულია. აცრა არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ სიკვდილისგან დავიცვათ ადამიანები. აცრილებსაც შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ ადვილად გადავიტანოთ. საავადმყოფოში აღარ წავიდეთ და მარტივი ფორმით გადავიტანოთ,“ – ამბობს მაია.

მაიას ბევრი ნაცნობი თუ ნათესავი მოხვდა კორონავირუსით საავადმყოფოში. სწორედ ამიტომ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოს, რატომ არის მნიშვნელოვანი აცრა.

ლელა თედორაძეც ონკოპაციენტია. პროფესიით პედაგოგია, მახუნცეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. მისი ბრძოლა კიბოსთან 4 წელია გრძელდება. ახლა ჰორმონალურ პრეპარატებს იღებს.

პირველ ტალღას გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ცდილობდა თავის დაცვას, კორონავირუსი მაინც შეხვდა. ნოემბერში ის და მისი მეუღლეც ორივენი საავადმყოფოში მოხვდნენ, ვირუსის გართულებული ფორმით.

„ისეთი ვერაგი დაავადება გადავიტანე, რასაც კიბო ჰქვია, კორონავირუსით ცოტა კი ვიყავით შეშინებული, მაგრამ გავუმკლავდი. მეორე ტალღის დროს შემხვდა. როცა ინფიცირების პიკი იყო, როგორც აჭარაში, ისე მთელს საქართველოში,“ – იხსენებს ლელა.

ამბობს, რომ ვირუსზე მეტად ეშინოდა მის ოჯახს არაფერი დამართნოდა. ლელამ და მისმა მეუღლემ ვირუსი რთულად გადაიტანეს, შვილებმა – შედარებით ადვილად.

სტრესი, რომ ოჯახი სრულად იყო ინფიცირებული, არანაკლებ რთული გადასალახი აღმოჩნდა.

„ყველაზე რთული იცით რა არის? როცა უყურებ ადამიანებს რამდენად რთულ მდგომარეობაში არიან. ყველა თავისთვისაა. არ შეგიძლია ურთიერთობა. ხარ შენთვის ჩაკეტილი ერთ სივრცეში და ებრძვი ამ ვერაგ დაავადებას. ანთება მქონდა, ფილტვი დაზიანებული, მაგრამ ფსიქოლოგიურად მხნედ ვიყავი და ამან მიშველა,“ – ამბობს ლელა.

ლელა რამდენიმე დღეში უნდა აიცრას. ფაიზერზე ჯავშანი 29 აგვისტოს მონიშნა. სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეუძლიათ აცრა, ლელას მთელი პროცედურები აქვს გასავლელი. აცრამდე ათი დღით ადრე შეწყვიტა ჰორმონალური პრეპარატების მიღება.

„ვაქცინა აუცილებელია. ვაქცინა დაგვიცავს. ვთვლი, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა გაიკეთოს. რადგან გადავიტანე კოვიდი და ვიცი, რას ნიშნავს ეს დაავადება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი აცრა.

პირველ რიგში, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე. მე ვარ პედაგოგი. ახლა სექტემბერში ველოდებით სწავლის განახლებას და მაქვს ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობა.  ჩემი, როგორც მოქალაქის ვალია, ვიყო აცრილი, რათა არ ვიყო სხვისთვის დამაბრკოლებელი და თავისთავად ჩემი თავიც დავიცვა ამით“, – ამბობს ლელა თედორაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: