Batumelebi | თუ გიყვარს შენი შვილი, უნდა აიცრა თუ გიყვარს შენი შვილი, უნდა აიცრა – Batumelebi
RU | GE  

თუ გიყვარს შენი შვილი, უნდა აიცრა

ავტორი: ნათია სირაბიძე

ვაქცინის შიში ყველას აქვს. მეც მეშინოდა. თავში მიტრიალებდა “ანაფილაქსური შოკი”, მნიშვნელობა ბოლომდე არც ვიცოდი, მაგრამ სულ მეფიქრებოდა, ვაითუ უკურეაქცია მომცეს, ვაითუ სრულად ვერ მიშველეს? პატარამ რომ იტიროს და ვერ დაამშვიდონ? რა ეშველება ჩემ ოჯახს უჩემოდ…

შიშები მქონდა ყოველჯერზე – როცა18 წლის შვილის ვაქცინირებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა მეუღლე აიცრა, თუ მამას ვაცილებდი აცრის გასაკეთებლად.

არადა ამ ვაქცინას პანდემიის დაწყების დღიდან ველოდით. ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა თაობათა გადარჩენის ერთადერთი შანსი, მაგრამ დღეს, როცა ხელმისაწვდომია, გვეშინია.

რატომ გვაქვს შიში? ალბათ იმიტომ, რომ ათას სისულელეს ვკითხულობთ, ათას დეზინფორმაციას ვეცნობით. ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ექიმი ანტივაქსერია; ალბათ იმიტომ, რომ რელიგიური ფანატიკოსები მოგონილ შიშს გვინერგავენ. ალბათ იმიტომაც, რომ ვაქცინირებული ახალგაზრდა ექთნის სიკვდილი ლამის პირდაპირ ეთერში ვნახეთ.

არადა არც კი გვახსენდება, რომ დაბადებიდან 2-3 დღეში ჩვენ შვილებს არანაკლებ ძლიერ ვაქცინებს ვუკეთებთ. თითოეულს სულ მცირე 17 აცრა გვაქვს გაკეთებული ბავშვობაში და თითქმის არც ერთზე დავფიქრებულვართ, მაღალი სიცხის და ნანემსარის გაწითლების გარდა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა. არავის დავუშინებივართ, რომ პოლიომიელიტის ვაქცინამ შეიძლება მხედველობა წაგვართვას, ტვინის უჯრედები დააზიანოს ან საერთოდ გაგვისტუმროს საიქიოს, რადგან მსგავსი უკუჩვენების შანსი მილიონში ერთია, ისიც თუ ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს ადამიანს.

არ გვახსოვს, რომ 60-იან წლებში მხოლოდ ამერიკაში 12.5 მილიონი ადამიანი დაიღუპა წითურას ინფექციით. რომ არა ვაქცინები, დღეს მსოფლიო მოსახლეობა განახევრებული იქნებოდა. რომ არა ვაქცინები ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიფტერია, ტეტანუსი, წითელა, შეიწირავდა მილიონობით ადამიანს.

და მაინც თანამედროვე აზროვნების ადამიანებს კოვიდ ვაქცინის გვეშინია, რადგან მრავლისმეტყველად გადმოგვხედავენ ხოლმე ახლობელ-მეგობრები: “ვაქცინა ხომ იცი რა არის?”… გვეუბნებიან, რომ ვაქცინირებისას სხეულში შეჰყავთ თავად ინფექცია და გამოდის, რომ საკუთარი ნებით აინფიცირებ თავს.

რეალურად კი თუ გადახედავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინსტრუქციებს, ნახავთ, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს, მათი კონცეფცია უფრო “საგანმანათლებლოა”. ეს ვაქცინები “ასწავლიან” ორგანიზმს, რომელ ინფექციას უნდა ებრძოლოს და როგორ. მათი წყალობით ჩვენი იმუნური სისტემა შეიარაღდება ცოდნით და სწრაფად ახდენს რეაგირებას (ალბათ როდესაც ფანატიკოსები მითოსურ “დაჩიპვაზე” საუბრობენ, ამ ვაქცინის ინოვაციურობას და “ჭკუას”  გულისხმობენ).

თანაც ეს ჭკვიანი  ვაქცინები უსაფრთხოა როგორც მეძუძური, ასევე ფეხმძიმე ქალებისთვის. ფეხმძიმეების დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა ადამიანების, ამიტომ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ პფაიზერით და მოდერნათი ვაქცინაცია რეკომენდებულია როგორც ფეხმძიმე, ასევე მეძუძური დედებისთვის. მასობრივად კვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ვაქცინირებული დედების რძე გამოიკვლიეს და ნახეს, რომ რძეში ვაქცინის უჯრედები არ გადასულა. შესაბამისად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც მიგვითითებს, რომ ვაქცინირება უსაფრთხოა.

ინფიცირების შემთხვევაშიც, ბუნებრივ კვებაზე მყოფი შვილის დაინფიცირების შანსი 30%-ია. მაგრამ ექსპერტების აზრით, ბუნებრივი კვება იმდენად ზრდის ბავშვის იმუნიტეტს, რომ კოვიდ ინფექციის დროსაც არ უნდა შეწყდეს. ამიტომაც ვაქცინირებით დედა იცავს საკუთარ თავს და შვილსაც.

რა გამოდის, რომ ახალი ვაქცინა სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინებზე გაუმჯობესებული ვარიანტია და მაინც გვეშინია?

მოკლედ, ამ ცოდნით და გამოცდილი ექიმების რეკომენდაციებით შეიარაღებულმა დავძლიე შიში, დავტოვე ბუნებრივ კვებაზე მყოფი 2 თვის მძინარე ბავშვი სახლში და წავედი ასაცრელად. ისეთი კლინიკა შევარჩიე, სადაც საჭიოების შემთხვევაში გადაუდებელ დახმარებასაც გამიწევდნენ. რიგები მოწესრიგებული იყო და დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია.

ჩემი ინფორმაცია ექიმმაც დამიდასტურა, ჯერჯერობით მხოლოდ პფაიზერის  ვაქცინება დაიშვებოდა მეძუძურებისთვის. ორჯერ გადავამოწმე – ნამდვილად ხომ პფაიზერს მიკეთებთ-მეთქი. საყოველთაო უნდობლობის გამო, მეც გამკრა ეჭვმა – ამერიკის მთავრობის საჩუქარია, მაგრამ ჩამოტანის შემდეგ ხომ არ შეცვალეს-მეთქი.

ჩხვლეტას მიჩვეული ვარ, მაგრამ გონებაში გამჯდარი შიში მოსაცდელში ყოფნის დროსაც გაგრძელდა. წიგნი წავიღე, ისეთი, რომ კარგად “ჩავეთრიე” და სხვა არაფერზე მეფიქრა, მაგრამ არ იმუშავა. ყოველ ორ წუთში საათზე ვიყურებოდი ან მეუღლეს ვეკითხებოდი ბავშვზე. 30 წუთის შემდეგ, როგორც კი მე და სამედიცინო პერსონალი დავრწმუნდით – არ მქონდა უკურეაქცია, სახლში გამოვფრინდი სიხარულით.

10-12 საათის შემდეგ დამეწყო მხრის ტკივილი. საკმაოდ მტკივნეული იყო და ნანემსარიდან ფართო რადიუსში ვრცელდებოდა. ხელის მაღლა წამოწევაც არ შემეძლო. პატარა სულ მარჯვენა მკლავზე მეწვინა. გამახსენდა, რომ ჩემ შვილს მეორე დოზაზე ჰქონდა მსგავსი რეაქცია, მაშინაც ძალიან განვიცადე. მაგრამ ვიცოდი, რომ ამ ვაქცინის უკუჩვენება ყველაზე ხშირად მხარის ტკივილია. თან დავმშვიდდი – მართლაც პფაიზერი გამიკეთებია. 24 საათში ტკივილიც გაქრა და შიშიც.

ახლა მეორე ვაქცინას ველოდები, თუ საჭირო იქნება, ბუსტერსაც გავიკეთებ. ასე მე დავიცავ საკუთარ თავს, ჩემ ოჯახს და ჩემ შვილებს. დავიცავ გარშემომყოფებს ვირუსის გავრცელებისგან. და მე ვინ ვარ? რატომ კითხულობთ ახლა ამ ჩანაწერს? IBM (2020) კვლევის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს უფრო ენდობიან და გადაწყვეტილებებს მათი მსგავსი ადამიანების რეკომენდაციის შესაბამისად იღებენ, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა საჯაროდ და კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ თუ შვილები გვიყვარს, უნდა ავიცრათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.