მთავარი,სიახლეები

ქარტიის მოწოდება „ოცნებას“: შეწყვიტეთ მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკა

17.07.2021
ქარტიის მოწოდება „ოცნებას“: შეწყვიტეთ მედიის მიმართ აგრესიული რიტორიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელშიც 318 ჟურნალისტია გაწევრიანებული, ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ჟურნალისტების მიმართ. მისივე შეფასებით, ჟურნალისტებზე თავდასხმები სწორედ ამ აგრესიული რიტორიკის შედეგია.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ასევე, აჭარის მთავრობა არ თანამშრომლობს და ინფორმაციას არ აწვდის გარკვეულ მედიასაშუალებებს.

დეპუტატისა და ,,ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის – შალვა პაპუაშვილის თქმით, მაუწყებლებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ ,,უზნეო კამპანია” იქნება.  მიგვაჩნია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა იყო.

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს.

ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: