მთავარი,სიახლეები

წინა არჩევნებზე „ოცნების“ წარმომადგენელი ახლა უსკოს უპარტიო წევრი გახდა

09.07.2021 • 1506
წინა არჩევნებზე „ოცნების“ წარმომადგენელი ახლა უსკოს უპარტიო წევრი გახდა

უსკოს ახალი წევრი ირაკლი გვარამია, რომელიც უპარტიო წევრის სტატუსით რამდენიმე დღის წინ შევიდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, 2020 წლის არჩევნებზე უსკოში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ის 2013 წლიდან უმაღლესი საბჭოს აპარატში მუშაობს და არ მალავს, რომ „ოცნების“ დეპუტატ დავით ბაციკაძესთანაც მეგობრობს.

„ნათესავიც არის, ის ჩემი შვილის ნათლია,“ – გვიპასუხა ირაკლი გვარამიამ. უპარტიო წევრის შეფასებით, მისი ამ პოზიციაზე არჩევა კავშირში არაა იმასთან, რომ გასულ არჩევნებზე „ოცნების“ ინტერესებს იცავდა უმაღლესი საარჩევნო კომისიაში [უსკო] და არც იმასთან, რომ დავით ბაციკაძე მისი მეგობარია.

„ჩემს თავს ვთვლი პროფესიონალად საარჩევნო ადმინისტრაციაში, არასდროს პარტიის წევრი არ ვყოფილვარ…“, – ამბობს ირაკლი გვარამია. მას ვუთხარით, რომ ადამიანები ხშირად ისე ხდებიან ამა თუ იმ პარტიის სახელით დეპუტატებიც, რომ პარტიის წევრი ოფიციალურად არ არიან.

ირაკლი გვარამია 2008 წელსაც იყო უსკოს წევრი. ამ პერიოდში იგი „კონსერვატიული პარტიის“ ინტერესებს იცავდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. მაშინ ამ პარტიის რეგიონული ლიდერი დავით ბაციკაძე იყო.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, 2013 წლიდან ირაკლი გვარამია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოში დასაქმდა უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

„თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე იყო, მაგრამ მალე გადააყენეს და შემდეგ სამი წელი ვაკანტური იყო ეს პოზიცია. შემდეგ ვმუშაობდი მერაბ კარანაძის და ბოლოს ტიტე აროშიძის სამდივნოში,“ – გვიყვება ირაკლი გვარამია.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აჭარაში უსკო ატარებს, სადაც საარჩევნო წელს სულ 13 წევრია, საარჩევნო წელს კომისიის 7 წევრს პარტიები ირჩევენ, დანარჩენი 6 წევრი კი, უპარტიო უნდა იყოს და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. მათ ხუთი წლის ვადით ირჩევენ და წესით არჩევნების კვალიფიციურად ჩატარებაზე უნდა მუშაობდნენ.

ირაკლი გვარამიას შევახსენეთ „უპარტიო წევრის“ სტატუსის ეს კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ პირი არცერთ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. „როგორ უნდა გენდოთ ამ დროს ამომრჩეველი, როცა თქვენ უპარტიო წევრი გქვიათ და წინა არჩევნებზე „ოცნებას“ წარმოადგენდით?“ – ვკითხეთ ირაკლი გვარამიას.

„ასე მე, როცა აბაშიძის რეჟიმს ვებრძოდით, სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ვიყავი კომისიაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პარტიასთან მაქვს კავშირი… ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, „ოცნებიდან“ ვიყავი კომისიაში, თუ „ნაციონალური მოძრაობიდან“: მე ვასრულებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას, არა მგონია, ეს ვინმესთვის უხერხულობას ქმნიდეს… ახლა მე ოპოზიციონერმა მედეა ვასაძემაც დამიჭირა მხარი, სხვებმა ოპოზიციიდან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს,“ – აღნიშნა ირაკლი გვრამიამ „ბათუმელებთან“.

ირაკლი გვარამიამ უსკო-ში სოფიო კახაძე ჩაანაცვლა.

უსკოს წევრის ხელფასი 3300 ლარია. საარჩევნო წელს კი, ისინი გაორმაგებულ ხელფასს იღებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: