მთავარი,სიახლეები

თურქეთი საქართველოს კარწახიდან ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანას სთხოვს

07.07.2021
თურქეთი საქართველოს კარწახიდან ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანას სთხოვს

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ეს არის საბაჟო პროცედურებთან არსებული პრობლემები,“ – განაცხადა თურქეთის  ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ  დღეს ბათუმში.

დღეს, 7 ივლისს, ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას.

„ჩვენი სურვილი იქნება, რომ საბაჟო პროცედურები განხორციელდეს ახალქალაქში და იქ მოხდეს ყველა პროცედურების გატარება. მე როგორც ვიცი, ახალქალაქში ტერიტორიულად არის ამის შესაძლებლობა. ჩვენ საბაჟო ოპერაციებს ყარსში ვასრულებთ, საზღვრიდან სადღაც 80 კილომეტრში და ამ მანძილს და უსაფრთხოებას რკინიგზას ვანდობთ. [კარწახში] როგორც ვიცი, საზღვარზე არ არის საბაჟო სამსახური, ოპერატორებს უწევთ შორი გზიდან მოსვლა ხშირად, რაც იწვევს ლოდინს. ამიტომ, თუ [კარწახიდან] 30 კილომეტრის დაშორებით, ახალქალაქში განხორციელდება საბაჟო პროცედურები, უფრო გამარტივდება ეს ყველაფერი,“ – განმარტა თურქეთის  ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ მიზეზი, თუ რატომ ითხოვს თურქული მხარე ახალქალაქში საბაჟოს გადატანას.

საბაჟო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა უძღვებოდა. თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე მან თქვა, რომ საკითხს დადებითად გადაწყვეტენ.

„რაც შეეხება ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანას, მართალი გითხრათ, ბოლომდე არ ვიყავი ჩართული. ამას გპირდებით, რომ ახლო მომავალში, დარწმუნებული ვარ, დადებითად გადავწყვეტთ,“ – უთხრა რიზა თუნა თურაგაის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.

საბაჟო კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სთხოვა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს.

„ბათუმელებმა“ რიზა თუნა თურაგაის ჰკითხა, თუ რატომ ითხოვს თურქული მხარე კარწახში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ახალქალაქში გადატანას.

„კარწახში არსებული ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სწრაფად განხორციელდეს საბაჟო ოპერაციები. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო პროცედურები განხორციელდეს ახალქალაქში და აღარ მოხდეს შეყოვნება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ საბაჟო ოპერაციები განხორციელდება ახალქალაქში, მაშინ ეს პროცედურები დაჩქარდება,“ – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: