მთავარი,სიახლეები

ავტომანქანები იმოძრავებენ ქობულეთის ბულვარში, რომლის მოსაწყობადაც 7 მილიონი დაიხარჯა

07.07.2021 • 1849
ავტომანქანები იმოძრავებენ ქობულეთის ბულვარში, რომლის მოსაწყობადაც 7 მილიონი დაიხარჯა

ქობულეთის რეაბილიტირებულ ბულვარში ავტომანქანები მოძრაობენ. ბულვარის სამკილომეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთი სანაპიროს გასწვრივ მერიამ საზეიმოდ გახსნა, პროექტისთვის 7 მილიონი ლარი  დაიხარჯა.

როგორც წესი, ბულვარის ტერიტორიაზე ავტომანქანები არ უნდა მოძრაობდნენ და აქ სეირნობა ქვეითებისთვის უსაფრთხო უნდა იყოს.

მერიის ინფორმაციით, პარკში მოძრაობა ცალმხრივი და ნაწილობრივ შეზღუდულია.

საქმე იმაშია, რომ ბოლო წლებში ბულვარის გასწვრივ აშენდა მრავალბინიანი კორპუსები, რომლებსაც შესასვლელები ბულვარის მხრიდან აქვთ. ამ კორპუსების უმრავლესობას მხოლოდ მცირე მასშტაბის, 20-მდე ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილი აქვს, ან საერთოდ არ აქვს არც ეზო და არც პარკინგი.

მერიის ნებართვით აშენებულ კორპუსებში მცხოვრებლებს კი გადაადგილებას ვერ შეუზღუდავდნენ.

„ნაწილობრივ შევზღუდეთ ზღვისპირა პარკში გადაადგილება. დაყენებულია შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც ნებისმიერ მძღოლს უკრძალავს გადაადგილებას საპირისპირო მიმართულებით. გარკვეულ მონაკვეთზე ვგეგმავთ საერთოდ ჩაკეტვას საზაფხულო სეზონის განმავლობაში. იქ არის შესაბამისი საავტომობილო გზა, რომელიც აუცილებელია ადამიანებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ პირველ ზოლში. ჩვენ ვერ მოვუსპობთ მოქალაქეს, ასევე სტუმარს საკუთარ საცხოვრებელ ადგილამდე გადაადგილების უფლებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გადაადგილების წესს, რაც იქნება პირველ ზოლში დადგენილი, ყველა მოქალაქემ, ყველა მძღოლმა, ყველა ქვეითმა პატივი უნდა სცეს. საპატრულო პოლიცია ამას აკონტროლებს, აკონტროლებს ასევე შესაბამისი მერიის სამსახური. ვინც არც სცემს პატივს კანონს და წესს, დაისჯება შესაბამისი წესით.“ – ნათქვამია ქობულეთის მერიის განცხადებაში, რომელიც წერილობით მოგვაწოდეს.

მერიის ინფორმაციით, მარჯვენა ზოლში, რომლის გასწვრივაც საცხოვრებელი სახლებია, გადაადგილება შესაძლებელია

 

ქობულეთის ბულვარი / ფოტო: მერია

მერიის ინფორმაციით, შემოდგომიდან დაიწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, მდინარე აჭყვიდან მდინარე კინტრიშამდე.

 

გადაბეჭდვის წესი