განათლება,მთავარი,სიახლეები

19-მა სახელმძღვანელომ გრიფირება ვერ გაიარა

24.06.2021
19-მა სახელმძღვანელომ გრიფირება ვერ გაიარა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა მე-9 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი.

სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე 54 განაცხადი იყო, თუმცა 53 განაცხადი გადავიდა რეცენზირებისა და საჩივრების განხილვის ეტაპზე, რომელთაგან მხოლოდ 34-მა სახელმძღვანელომ მიიღო გრიფი, 19 სახელმძღვანელო კი გრიფის გარეშე დარჩა.

განაცხადები არ შესულა შემდეგ საგნებში:

  • აფხაზური ენა და ლიტერატურა (V-IX კლასი);
  • რუსული/სომხური/აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა (I-IX კლასი);
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (IX კლასი).

გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში:

  • ქართული, როგორც მეორე ენა (IX კლასი).
  • მეორე უცხოური ენა – რუსული ენა (IX კლასი).

„აღნიშნულ საგნებში მომავალ წელს  თავიდან გამოცხადდება კონკურსი, მე-10 კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად“, – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, შემფასებელთა ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

„საგნობრივ შემფასებლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით, ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, დისკრიმინაცია, სტიგმა, თანასწორობა, უმცირესობების უფლებები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები და ა. შ“, – აცხადებს სამინისტრო.

ამავე წყაროს ცნობით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გათვალისწინებული იყო სახალხო დამცველის რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში, რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან და ასე შემდეგ.

სკოლებს გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა  21 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით აქვთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: