მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ვინ აბარებს ბათუმში სისხლს – „თვეში საშუალოდ 1200 დონორი გვყავს, მაგრამ დეფიციტი მაინც გვაქვს“

19.06.2021 • 4024
ვინ აბარებს ბათუმში სისხლს – „თვეში საშუალოდ 1200 დონორი გვყავს, მაგრამ დეფიციტი მაინც გვაქვს“

ბათუმში არსებული სისხლის ბანკი “ჰემა 2012” სისხლითა და სისხლის კომპონენტებით გამუდმებით ამარაგებს როგორც აჭარის რეგიონში, ასევე გურიასა და ფოთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს. სისხლი არ იყიდება, იგი უანგაროდ გაიცემა საჭიროებისამებრ კლინიკებზე. სისხლის ბანკის ხელმძღვანელი მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე ამბობს, რომ დღეში მათთან თვეში საშუალოდ 1000-1200 დონორის სისხლი მზადდება, მაგრამ დეფიციტი მაინც იქმნება.

  • ბატონო ბეჟან, ვის შეუძლია გახდეს დონორი?

დონორი შეუძლია გახდეს ნებისმიერი პირი 18-დან 65 წლის ასაკში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მისგან ავიღოთ სისხლი.

სისხლის ბანკი: სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 65 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, მისი გაკეთებიდან გასული უნდა იყოს ერთი წელი, სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისა და მეძუძური დედისთვის. დონორს ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ჰქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში.

დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალებში, 65 კგ-ზე მეტი კაცებში, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (სისხლის გაღების შემდგომ, ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია). განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ. ადამიანისგან სისხლის აღება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდგომ.

  • ვისთვის გროვდება სისხლი?

გამზადებული სისხლი მიეწოდება სხვადასხვა სტაციონარში მყოფ ავადმყოფებს, ვისაც სჭირდება სისხლის გადასხმა. ჩვენგან სისხლი გადის მხოლოდ სტაციონარის დაკვეთის საფუძველზე, კლინიკა შემოდის მოთხოვნით, გააქვს სისხლი უფასოდ და დებს იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. სისხლი ფასიანი არ არსებობს, იგი უფასოა. ჩვენი სისიხლის ბანკი ემსახურება აჭარას, ფოთს, გურიას და თბილისსაც, ყველგან, სადაც საჭიროება არის.

  • რამდენი დონორი გვყავს და საკმარისია თუ არა ეს?

ყოველდღიურად მინიმუმ 50 დონორული სისხლი გვჭირდება, მაქსიმალურად თუ ვერა, მიახლოებით რომ დაკმაყოფილდეს სტაციონარების მოთხოვნები. თვეში საშუალოდ 1000-1200 დონორის სისხლი მზადდება ჩვენთან, მაგრამ დეფიციტი მაინც გვექმნება, საჭიროა თვეში 1500 [დონორი]. მაგრამ ესეც შემთხვევების რაოდენობაზეა დამოკიდებული – ავარიებს, დამწვრობებსა და ასეთ კრიტიკულ შემთხვევებს ვერ გაითვალისწინებ წინასწარ.

გვინდა, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული სისხლის გაღებაში მოსახლეობა – მოხალისეები, დაწესებულებები, რადგან სისხლი ჭარბი არასდროს არ არის. ეს ასეა არამარტო ჩვენს რეგიონში, მთლიანად ქვეყანაში. სჭირდება ამას მოსახლეობის მხარდაჭერა, თანადგომა, განსაკუთრებით ახალგაზრდების. შეიძლება მათი აქტიურობით იქამდეც მივიდეთ, რომ ეს დეფიციტი, რაც დღეს გვაქვს, აღმოიფხვრას და შეივსოს.

  • რა კომპონენტები მზადდება სისხლის დამუშავების შედეგად?

მზადდება სამი კომპონენტი – ერითროციტი, თრომბოციტი და პლაზმა. ძალიან დიდი მოთხოვნაა თრომბოციტებზე. რაც შეეხება პლაზმას, იგი მოიხმარება ძალიან მცირე რაოდენობით. 1200 დონორული სისხლიდან შეიძლება პლაზმა მოიხმარონ მაქსიმუმ შემთხვევათა 5%-ში , ანუ 20 დონორული პლაზმა, დანარჩენი ჩვეულებრივად გროვდება მარაგის სახით და შემდეგ მიდის გადამუშავებაზე სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად.

  • ყველაზე დეფიციტური სისხლის ჯგუფი რომელია?

ყოველთვის ჭირს რეზუსუარყოფითი სისხლი – განსაკუთრებით მეოთხე რეზუსუარყოფითი სისხლი.

  • შეიცვალა მიდგომა უანგარო დონაციის მიმართ ბოლო წლებში?

ბოლო 4-5 წელია ძალიან დიდი წინსვლა და პროგრესია ამ მხრივ. უახლოეს წლებში საერთოდ არ იყო მოხალისე დონორი, დღეს 70%-ზე მეტი მოხალისე, უანგარო დონორია ჩვენთან. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. დანარჩენი 30% დონორებისა არიან პაციენტების ნათესავები, მაგალითად, როცა კლინიკიდან მოდის მოთხოვნა, კარდიოქირურგიული ოპერაციის დროს, ერთ ავადმყოფს სჭირდება 5-8 დონორის სისხლი. ეს მაშინ, როცა არის თრომბოციტებზე მოთხოვნა. თრომბოციტებზე მინიმუმ 10 დონორული  სისხლი სჭირდება ერთ ავადმყოფს და ეს შეიძლება განმეორდეს რამდენჯერმე.  ყოფილა შემთხვევა, ერთ პიროვნებას გადასხმია თრომბოციტები, რომელიც 160 ადამიანის სისხლისგან იყო დამზადებული. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთხოვთ დახმარებას და თავადაც მაქსიმალურად გვეხმარებიან ნათესავები.

  • ადამიანებს ხშირად აშინებთ სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები. რას ეტყვით მათ?

ჩვენთან შემოსვლიდან ჯამში ამაზე იხარჯება 15 წუთი, დონორი შემოდის და 15 წუთში თავისუფალია, ამ დროში მისგან მიღებულია სისხლის სრული დოზა. გარდა ამისა, სისხლის დონაციას აქვს ორი დანიშნულება – პირველი და მთავარი მიზანია, რომ ვეხმარებით ადამიანებს და მართლა ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა; და მეორე, სისხლის დონაცია სასარგებლოც კია დონორისთვის, ამის შედეგად უმჯობესდება იმუნიტეტი. დონაციიდან ორი თვის განმავლობაში ორგანიზმი ასივე პროცენტით აღიდგენს დონორის მიერ გაცემულ სისხლს, როგორც რაოდენობრივად, ისე შემადგენლობით. ახალი სისხლის უჯრედების შემოსვლა თავისთავად ნიშნავს იმუნიტეტის გაძლიერებას.

 ამაზე დიდი ქველმოქმედება მგონი სხვა არც არსებობს, ადამიანს  დაეხმარო შენი ცოცხალი ორგანიზმის ნაწილით.

  • ბოლო პერიოდში მოთხოვნა სისხლზე მომატებულია?

დიახ, დღეს, ზოგადად, გაზრდილია სისხლზე მოთხოვნა და ამის მიზეზად მედიცინის პროგრესი მიმაჩნია. დღეს ძალიან ბევრი კარდიოქირურგიული ოპერაცია ტარდება, რომელიც სისხლის გადასხმის გარეშე ვერ მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი