განათლების სამინისტროს განცხადებით, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურის სამსახურის უფროსის სტუმრობისას საკლასო დაფაზე არსებული წარწერის – „жизнь ворам” მედიით გაშუქების გამო სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
„ასევე, მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან მისი თანაკლასელებიც,“- წერს სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებით, მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, – „არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას“.
შემთხვევა გუშინ, 19 მაისს მოხდა, როცა მანდატურის სამსახურის უფროსს ძველი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტისას დაფაზე დახვდა წარწერა – „жизнь ворам“.
სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საჯარო სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს ეცნობოდა.