მთავარი,სიახლეები

„60 წელი ვმალავდი, რომ დედაჩემი სომეხი იყო, მინდა მას გვარი და ისტორია დავუბრუნო“

20.07.2010 • 33184
„60 წელი ვმალავდი, რომ დედაჩემი სომეხი იყო, მინდა მას გვარი და ისტორია დავუბრუნო“

„60 წლის მანძილზე მე ვდუმდი. არასდროს მითქვამს, რომ ჩვენ სხვა რელიგია გვქონდა და საერთოდ ვმალავდი, რომ დედაჩემი სომეხი იყო.

ახლა 77 წლის ვარ, 60 წელია ვფიქრობ ბათუმში ჩამოსვლაზე, რომ მენახა დედაჩემის მშობლიური ქალაქი და ჩემი წინაპრების კვალი მეპოვნა. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა დედაჩემს ნამდვილი სახელი და გვარი დავუბრუნო“ – გვითხრა გაზეთ „ბათუმელების“ რედაქციაში მოსულმა თურქეთის მოქალაქე, ადნან მუთლუმ.

გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების საშუალებით, მას იმ დოკუმენტების პოვნა სურს, რომლებიც შესაძლოა მისი წინაპრების, კერძოდ, დედის ოჯახის შესახებ შეიცავს ინფორმაციას.

ადნან მუთლუ

ისტორია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო, ადნან მუთლუსთვის მხოლოდ ფრაგმენტულადაა ცნობილი და დედის მონათხრობს ეფუძნება, რომელიც ბათუმელი პოლიგრაფისტების, შახთრიანების ოჯახში დაიბადა დაახლოებით 1903-1904 წლებში.

ადნან მუთლუ გვიყვება, რომ ვართან და ისკუი შახთრიანები მისი დედის ბებია და ბაბუა იყვნენ. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი ბათუმში დაქორწინდა და ამ ქორწინებიდან გაჩნდა ზეპური, ადნან მუთლუს დედა. ზეპურის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ პოლიგრაფისტი ძმები ემიგრაციაში, თურქეთში წავიდნენ საცხოვრებლად, სადაც საკუთარი სტამბაც ჰქონდათ და 1915 წლამდე ტრაპზონში ცხოვრობდნენ.

1914-1915 წლებში თურქეთში სომხების დევნა დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთში მოკლული სომეხი ეროვნების ადამიანების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

გენოციდმა შეცვალა ადნან მუთლუს დედის ოჯახის ისტორიაც:

„ერთ დღეს მოვიდნენ ადამიანები, სახლის კარები შეამტვრიეს. დედაჩემის, ცხრა წლის გოგონას თვალწინ დახოცეს მისი მშობლები, დედაჩემი კი ბანაკში წაიყვანეს, სადაც ერთ ოთახში იყვნენ სხვა სომეხი ბავშვებიც, რომელთა მშობლები თურქმა ჯარისკაცებმა დახოცეს. დედაჩემი მიყვებოდა, რა საშინელი შოკი იყო ეს ყველაფერი ბავშვებისთვის“.

ბანაკში მიდიოდნენ თურქი ოჯახები, ბავშვებს ათვალიერებდნენ და რომელიც მოეწონებოდათ, თან მიჰყავდათ. ასე აღმოჩნდა 9 წლის ზეპურ შახთრიანი ღარიბი თურქის, მუსტაფას ოჯახში, რომელმაც ჯერ იშვილა გოგონა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ცოლად შეირთო. ადნან მუთლუ მუსტაფასა და ზეპურ შახთრიანის ერთ-ერთი ვაჟია.

„15 წლის ვიყავი, როცა დედას ვკითხე, სად იყვნენ მისი მშობლები. მან მიპასუხა, რომ ისინი დახოცეს. ამ ამბის გაგების შემდეგ ყოველთვის ვფიქრობდი – რატომ? ამ ისტორიამ არა მხოლოდ დედაჩემის, არამედ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რა მოხდა, ჩემი ცხოვრება სევდიანი გახდა“ – ამბობს ადნან მუთლუ.

მან გვიამბო, რომ მთელი ბავშვობა პატარა ქოხში გაატარა, რომლის სიგრძე სულ სამი მეტრი იყო. ოჯახი კვირაობით შიმშილობდა და მეზობლებისგან ნაწყალობები პურის ნაჭრებით იკვებებოდა.

1960 წელს ადნან მუთლუმ ოჯახი დატოვა, გერმანიაში წავიდა სამუშაოდ და დედაც თან წაიყვანა. მან გერმანიაში 30 წელიწადი იცხოვრა:

„დედაჩემი ყოველთვის ჩემთან იყო. ის გერმანიაში გარდაიცვალა. ერთად ვცხოვრობდით, ერთად დავდიოდით ეკლესიაში. იმის მიუხედავად, რომ დედა მამობილისა და ქმრის ოჯახში მუსლიმანურ ყაიდაზე ცხოვრობდა, იგი ყოველთვის ისე გრძნობდა თავს, როგორც სომეხი. ისლამი მისი არჩევანი არ ყოფილა, მას არჩევანი საერთოდ არ ჰქონია, პატარა მიუსაფარ ჩიტს ჰგავდა…“

რამდენიმე წელია ადნან მუთლუ დედის ოჯახის კვალს თურქეთში ეძებს. მან იპოვა დედის ძმების ოჯახები, რომლებიც რეპრესიებს გადაურჩნენ, გვარი შეიცვალეს და სტამბულში ცხოვრობენ. არც ერთი ძმა ამჟამად ცოცხალი არ არის, შესაბამისად, ადნან მუთლუსათვის, უცნობია დედის მშობლების ვინაობა.

დოკუმეტში, რომელიც მუთლუს ტრაპზონში მისცეს, არც დედის ნამდვილი გვარი, შახთრიანია ჩაწერილი და არც მშობლების სახელები: „ეს ისტორიის გაყალბებაა, მე მინდა მათი ნამდვილი სახელები ვიცოდე. შესაძლოა ბათუმში ვიპოვო ინფორმაცია მათ შესახებ“.

ადნან მუთლუ ამბობს, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. ახლა, როცა 77 წლისაა, აღარ ეშინია და მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: დოკუმენტურად დაასაბუთოს, რომ დედამისის ნამდვილი გვარი შახთრიანია:

„მე დედაჩემის ისტორიის ლეგიტიმაცია უნდა მოვახდინო, ესაა ჩემი მიზანი. თუ ვერ დავამტკიცებ, რომ დედაჩემის მშობლები 1915 წელს მოკლეს, ეს ისტორიაც სხვა ასეთი ამბების მსგავსად დაიკარგება. თუ შევძელი დედაჩემის წარმოშობის დადასტურება და დოკუმენტების შეგროვება, ვაპირებ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთოშორისო ორგანიზაციებს მივმართო. იმედია, ისინი შეახსენებენ თურქეთის ხელისუფლებას, რომ არსებობს ადამიანის უნივერსალური უფლება, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანს აქვს თავისი წარმომავლობის ლეგიტიმაციის უფლება.

ჩემი და დედაჩემის მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანები თურქეთში ათასობით, ათი ათასობით არიან. ზოგი ამაზე არ საუბრობს, ზოგი წიგნებს წერს. მე მინდა დედაჩემს გვარი და ისტორია დავუბრუნო“.

_______

ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარ მოვლენებს სომხეთის სახელმწიფო გენოციდს უწოდებს. გენოციდს სომხეთის გარდა, სხვადასხვა ფორმით აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფო. ასევე, რომის პაპი ფრანცისკე და ევროპარლამენტი.

გენოციდის ფაქტს არ აღიარებს და ტრადიციულად უარყოფს თურქეთის სახელმწიფო, რომელსაც მხარს უჭერს აზერბაიჯანი.

საქართველოს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, არადეკლარირებული, ნეიტრალური პოზიცია აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: