„სახლთან, ფერდობზე ვენახი უნდა ჩამეყარა და ორმოებს ვამზადებდი, შემთხვევით ძველი ქვევრი ვიპოვე. შემდეგ სადღაც 2 მეტრში მეორეც და ასე სულ ექვსი ქვევრი აღმოვაჩინე, ფოტო გადავუღე და სპეციალისტებს გავუგზავნეთ. გუშინ იყვნენ მოსულები ბათუმის მუზეუმიდან და შესწავლა დაიწყეს. ამბობენ, რომ შეიძლება მეათე საუკუნის ან უფრო ძველი იყოს.“ – გვიყვება სოფელ მარადიდის მკვიდრი მურად გოგიძე.
ის მარადიდის თემის სოფელ ძაბლავეთში ცხოვრობს და ქვევრებიც სწორედ აქ, საკუთარ სახლთან იპოვა.


აღმოჩენილი ნაშთების შეისწავლის მიზნით მარადიდში აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი, არქეოლოგი იზოლდა დუმბაძე ჩავიდა. სპეციალისტის განმარტებით ზედაპირული დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სასოფლო სამუშაოების დროს შემთხვევით გამოვლინილი 6 ცალი ქვევრი ღია ტიპის მარნის კომპლექსს წარმოადგენდა.
„სხვადასხვა ზომისა და შემკულობის ქვევრების მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე აღმოჩენილია ექვსი ქვევრის ნაშთები, ექვსივე არის სხვადასხვა ფორმისა და შემკულობის, სხვადასხვა აღწერილობის, ანუ ერთი ტიპი არ არის. როგორც ჩანს მარანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა რადგან დაფლობის დონეებიც სხვადასხვაა. თავის დროზე ეს იქნებოდა ღია ტიპის მარანი. ვიმედოვნებთ ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა სხვა დასკვნების შესაძლებლობასაც მოგვცემს.“ – ამბობს იზოლდა დუმბაძე.


ის საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებულია, რასაც ვერ მალავს. უკვე გეგმავს იმასაც, რომ ეს ადგილი მომავალში სოფელში შემოსული ტურისტებისთვის სანახაობად აქციოს, მაშინ როცა მათ სოფლის ისტორიაზე მოუყვება: „ ძველები ძლიერები ყოფილან ასეთ ფერდობზე და თიხიან მიწაში რომ ქვევრები ჩაალაგეს. “
