15 აპრილს მოდის სახლმა Gucci წელს თავისი პირველი კოლექცია უნდა წარადგინოს სახელწოდებით ,,Aria”. დასავლიური მედია წერს, რომ Gucci-ს კრეატიული დირექტორი, ალესანდრო მიკელე წლევანდელი კოლექციის წარდგენისას აჩვენებს მოდის სახლ ,,Balenciaga“-სთან ერთად შექმნილ ნამუშევრებსაც, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.
როგორც ცნობილია, მოდის სახლი „Gucci“ არასდროს თანამშრომლობს შემთხვევით მოდის სახლებთან. შარშან, მაგალითად, იმუშავა „The North Face“-თან, ცოტა ხნის წინ კი სამხრეთ კორეელ პოპვარსკვლავ KAI, იგივე კიმ ჯონგ-ინისთან.
„Gucci“ ახალ კოლექციას, სახელწოდებით ,,Aria” 15 აპრილს წარუდგენს მსოფლიოს ციფრულ პლატფორმებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით. 2021 წელი Gucci-ს საიუბილეო თარიღია, ბრენდი 100 წლისაა.
თუმცა ჯერ არც „Gucci“ და არც „Balenciaga“ ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
მსოფლიო მოდის სიახლეებზე ორიენტირებული გამოცემა WWD საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აქამდე ერთმანეთის კონკურენტი ეს ორი სამოდელო სახლი „Gucci“ და „Balenciaga“ ერთიანდება. მათივე შეფასებით ეს ისეთივე მოულოდნელი კოლაბორაცია იქნება, როგორიც შეიძლება იყოს „Adidas“-ის და „Nike“-ის გაერთიანება.
ონლაინ გაყიდვების რეიტინგის მაჩვენებელი პლატფორმა Lyst-ის მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში მოდის სახლი Gucci სიის პირველი ნომერია, წელს ონლაინსივრცეში ბრენდმა ყურადღება მიიქცია ერთდროულად მოდისა და კინოს ონლაინფესტივალით, რომელსაც #GucciFest ერქვა, ასევე ამერიკულ Vogue-ში გამოქვეყნებული ჰარი სტაილზის სამოსით.
Balenciaga ონლაინგაყიდვების რეიტინგში სიით მეორეა. კომპანია აგრძელებს ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ინიციატივების ინვესტირებას – Balenciaga-მ 2021 წლის შემოდგომის კოლექციაც ვიდეოთამაშის სახით წარმოადგინა.


