მთავარი,სიახლეები

„ალი და ნინოსავით ვართ“ – პაკისტანელი კაცის და ქართველი ქალის ოჯახის ცხოვრება ბათუმში

19.04.2021 • 6575
„ალი და ნინოსავით ვართ“ – პაკისტანელი კაცის და ქართველი ქალის ოჯახის ცხოვრება ბათუმში
სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

 

საქართველოს მუდმივ საცხოვრებელ ქვეყნად ათობით უცხოელი ირჩევს. ისინი აქ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, განსხვავებული წარმოდგენებით და მოლოდინებით. ზოგი მათგანი ახერხებს ლეგალურად ცხოვრების მოპოვების უფლებას, თავის დამკვიდრებას და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებას. ზოგიერთი მათგანისთვის კი საქართველოში დამკვიდრება რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ეს ისტორიაც ერთ-ერთ ასეთ ადამიანზეა.

„ხალხი ამბობდა საქართველოზე ლამაზი ქვეყანააო. ერთ დღეს გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი და მენახა, თუ როგორი იყო სინამდვილეში,“ – ასე ხსნის პაკისტანელი ამჯად ხანი მიზეზს, თუ რატომ ჩამოვიდა საქართველოში.

ამჯად ხანი პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში დაიბადა. 20 წლის იყო, როცა პაკისტანის დატოვება და სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა გადაწყვიტა. წლების განმავლობაში საუდის არაბეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. საქართველოში ექვსი წლის წინ ჩამოვიდა.

„საქართველოში ცხოვრების პირველი თვეები რთული იყო. ენა არ ვიცოდი და ძალიან მიჭირდა კომუნიკაცია. მეგობრებიც არ მყავდა თავიდან. ახლა ასე აღარაა. ცოლი მყავს აქ და ბედნიერი ვარ,“ – ამბობს ამჯადი.

სიყვარულის ისტორია „ალი და ნინოს“ მსგავსად

პაკისტანელი ამჯად ხანი და ქართველი ინგა ცინცაძე სიყვარულით დაქორწინდნენ. ერთმანეთი ფეისბუქით გაიცნეს. ფეისბუქ მიმოწერა თვეები გაგრძელდა. ამჯადი მაშინ თბილისში ცხოვრობდა. ინგა ხელვაჩაურში. წყვილი ერთმანეთს ბათუმში შეხვდა.

„ჩვენი გულები დაემთხვა ერთმანეთს. ვეუბნებოდი, თუ შემაყვარებ თავს, მარტო მაშინ წამოგყვები ცოლად-მეთქი. ისე მოხდა, რომ შემიყვარდა. მასაც შევუყვარდი. ამიტომ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ,“ – იხსენებს ინგა ცინცაძე მათი ურთიერთობის საწყის პერიოდს.

ინგა იხსენებს, რომ თავდაპირველად დედამისი სასტიკად წინააღმდეგი იყო ცოლად უცხოელს, „თან პაკისტანელს“ გაჰყოლოდა. თუმცა საბოლოოდ ინგას გადაწყვეტილებას შეეგუა და სიძე ოჯახშიც მიიღო.

ხელის მოწერამდე… 1.12.2016

„წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ჯერ ჩუმად ვხვდებოდით, საბოლოოდ კი ინგას ოჯახმა მიმიღო. ინგას დედამ ბოდიშიც კი მომიხადა იმის გამო, რომ თავიდან მისთვის მისაღები არ ვიყავი,“ – იხსენებს ამჯადი.

კითხვაზე, რატომ არ იღებდა ოჯახი უცხოელ სიძეს, ინგა პასუხობს, რომ დედამისს ეშინოდა.

„დედაჩემს ეშინოდა იმიტომ, რომ ამჯადი პაკისტანელია. ტერორისტი ეგონა ყველა პაკისტანელი. ეშინოდა იმისიც, რომ არ მივეტოვებინე. დაგტოვებს და წავა თავის ქვეყანაშიო – მეუბნებოდა. თუმცა საბოლოოდ მაინც დასთანხმდა ჩვენს ურთიერთობას და სანამ გარდაიცვლებოდა, მასთან ერთად ვცხოვრობდით ერთ სახლში“, – იხსენებს ინგა.

„ბათუმში არის ალი და ნინოს ქანდაკება. ნინო იყო ქართველი და ალი უცხოელი. ასე ვართ ჩვენც. ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერია,” – ამბობს ამჯადი.

ბრძოლა საქართველოში ლეგალურად ცხოვრებისთვის

ამჯად ხანი თარჯიმანია. იცის არაბული, ჰინდი, ინგლისური და ცოტა ქართული. ქართული საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისწავლა. ენის ცოდნას ხაზს უსვამს, რადგან ამბობს, რომ ქვეყანაში ადაპტაცია მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ქართული ისწავლა.

ამჯადის თქმით, ენის სწავლაში ისიც დაეხმარა, რომ საქართველოში მის მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ცოტა ადამიანია.

„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან ცოტა პაკისტანელი ცხოვრობს. 30 ან მაქსიმუმ 40 ჩემი თანამემამულე რომ ცხოვრობდეს აქ. პაკისტანის საკონსულო არაა თბილისში, ამიტომ ჩვენი ხალხი აქეთ თითქმის არ მოდის,“ – ამბობს ამჯადი.

ამჯადი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს. თუმცა მიმართვის მიუხედავად თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

სწორედ აქედან დაიწყო სასამართლოში ჯერ კიდევ დაუსრულებელი დავის ისტორია. იმის გამო რომ ამჯადი დოკუმენტების გარეშეა,  ოფიციალურად ვერსად ვერ იწყებს მუშაობას.

„რადგან დოკუმენტები არ მაქვს საქართველოში სამსახურს ვერ ვპოულობ. თავშესაფარზე მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ საშიში ვარ და არ მომცეს. არც პაკისტანში და არც საქართველოში რამე ისეთი არ გამიკეთებია, საშიში რომ ვიყო. არც ნასამართლევი არ ვარ. თავშესაფრის მონიჭებაზე უარი სასამართლოში გავასაჩივრე. არაერთგზის. მორიგი პროცესი მალე იქნება,“ – ამბობს ამჯად ხანი.

ამჯადის თქმით, ენების ცოდნა ეხმარება დროებითი სამუშაოების პოვნაში.

„ხან გიდად ვმუშაობ, ხან თარჯიმნად. ბევრმა იცის, რომ აქ ვარ. მიკავშირდებიან და ასე ვპოულობ დროებით სამუშაოს. ახლა მაქვს კარგი შემოთავაზება, მაგრამ სანამ ბინადრობის საკითხს არ მოვაგვარებ, ვერაფერს ვერ ვთანხმდები,“ – ამბობს ამჯადი.

სასამართლო, რომელზეც ამჯად ხანისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, 2 აპრილს გაიმართა. სასამართლომ ამჯად ხანს უარი უთხრა თავშესაფრის სტატუსის მინიჭებაზე.

ინგა და ამჯადი ახლა ახალ გზას ეძებენ, თუ როგორ შეიძლება მათი ცხოვრება საქართველოში გაგრძელდეს.

 

გადაბეჭდვის წესი